როგორ აფასებენ ექსპერტები რუსეთ-უკრაინის სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს?
Your browser doesn’t support HTML5
25 მაისს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უმეტესად მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი მივიდა. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობს და გამარჯვებულ პეტრო პოროშენკოსთან დიალოგისთვის მზად არის. ამ საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამცნო. „ჩვენ კიევის წარმომადგენლებთან და პეტრო პოროშენკოსთან დიალოგისთვის მზად ვართ“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
კარნეგის მშვიდობის ფონდის მოსკოველი ანალიტიკოსის, მარია ლიპმანის აზრით, პუტინის საბოლოო მიზანია აიძულოს უკრაინა რუსეთის ორბიტაზე დარჩეს. „რუსეთს უკრაინაზე გავლენის უზარმაზარი ბერკეტები გააჩნია და თავისუფლად შეუძლია მას ცხოვრება გაურთულოს. დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინას სიტუაციის ნორმალიზებაში არ დაეხმარება. მისი პრიორიტეტი უკრაინის დასავლეთის ორბიტაზე მოხვედრისთვის ხელის შეშლაა“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუკი ის 3.5 მილიარდიან დავალიანებას მომავალ კვირამდე არ გადაიხდის. ღრმა ეკონომიკურ რეცესიაში მყოფი უკრაინისთვის რუსული ბუნებრივი აირის შეწყვეტა განსაკუთრებით კრიტიკული ცივ ამინდში გახდება.
თუმცა, კიევსაც საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია. რუსეთის მიერ მარტის თვეში ყირიმის ანექსიის გამო, ნახევარკუნძულს წყლის მიწოდება და სარკინიგზო მიმოსვლა შეუწყდა. ტურისტული სეზონის დადგომის წინ ყირიმის სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლებია. პეტრო პოროშენკომ მოსკოვს მიანიშნა, რომ უკრაინას რეგიონში ბევრი მეგობარი ჰყავს და განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის პირველი უცხოური ტური პოლონეთში შედგება.
რუსეთის სპეციალისტი ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მარკ გალეოტი ამბობს, რომ რუსეთს ყირიმის შენახვა და მოსაზღვრე აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის შენარჩუნება თანდათან უფრო ძვირი დაუჯდება. პროფესორი გალეოტი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ საუბრობს, რეგიონზე, რომელსაც ზოგიერთი სეპარატისტი ნოვოროსიას, ახალ რუსეთს უწოდებს.
„თუკი რუსეთი საკუთარ მიზანს მიაღწევს და იოლად მანიპულირებად ფსევდო-ქვეყანას, ნოვოროსიას, თუ რაც არ უნდა ერქვას, შექმნის, ეს დანამდვილებით მოიტანს რეგიონში ახალ, პოლიტიკურად არასტაბილურ ერთეულს. სამოქალაქო ომი საკუთარ საზღვრებთან რუსეთს არ აწყობს. ესე იგი, ის ხელს აწერს საკმაოდ ძვირადღირებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სავარაუდოდ, სამხედრო ვალდებულებებსაც“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
არსებობს სხვა შეხედულებაც: კრემლს სურს უკრაინა ერთიან ქვეყანად დარჩეს, ყირიმის გარეშე. მაგრამ, ამასთანავე ის იყოს ბევრად უფრო სუსტი ფედერალური სახელმწიფო, რომლის აღმოსავლეთ ნაწილზე რუსეთი დიდ გავლენას შეინარჩუნებს. ამ რეგიონს რუსეთთან ტრადიციული ისტორიულ-ეკონომიკური და ლინგვისტური კავშირები გააჩნია. კრემლს კიდევ ერთი მტკიცე პრინციპი აქვს: უკრაინა ნატოს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, არ უნდა შეუერთდეს.
Your browser doesn’t support HTML5
პეტრო პოროშენკოს წინ რთული დიპლომატიური გზა აქვს გასავლელი. ახლადარჩეულ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მეზობლის ინტერესებისთვისაც მოუწევს ანგარიშის გაწევა და ამასთან, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ საკუთარი ელექტორატი არ დაკარგოს. ეს არის უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელიც პროდასავლური ორიენტაციისაა.
„სრული სიმართლეა, რომ რუსეთმა რეგიონში ახალი ფაქტობრივი რეალობა შექმნა. დასავლეთთან ურთიერთობაში ის პროაქტიული გახდა და არა რეაქტიული. რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელსაც არ ელოდებიან. ეს კი დასავლეთს მუდმივად გაურკვეველ სიტუაციაში და დაძაბულობაში ამყოფებს. მათ არ იციან, თუ რას უნდა ელოდონ“ - ამბობს მარია ლიპმანი, კარნეგის მშვიდობის ფონდის მოსკოველი ანალიტიკოსი.
პეტრო პოროშენკომ რუსეთი „ყველაზე დიდ მეზობლად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ივნისის პირველ ნახევარში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს, რათა იქ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკება გამართოს. უკრაინა რუსეთს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობის იარაღით და სამხედრო მრჩევლებით მხარდაჭერაში დებს ბრალს.
პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერს კარგად იცნობს. უახლოესი რამდენიმე კვირა უკრაინის ახალი პრეზიდენტისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება და გამოჩნდება, თუ რამდენად შეეძლება მას რუსეთის პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა.