ირანის საჰაერო კონტროლის ოპერატორსა და პილოტს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ირანულმა მხარემ თავიდანვე იცოდა ავიაკატასტროფის მიზეზი. თეირანში იცოდნენ, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავს თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე რაკეტა შეეჯახა და შედეგად 176 ადამიანი - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. თუმცა, ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანი აქტიურად უარყოფდა კავშირს ავიაკატასტროფასთან.
კვირას ღამით უკრაინული ტელევიზიით გადაცემულ მასალაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩანაწერის ავთენტურობაზე ისაუბრა. იგივე დაადასტრურა ორშაბათს ირანის საგამოძიებო გუნდის ხელმძღვანელმა, ჰასან რაზიფარმაც. მისი თქმით, ჩანაწერი ნამდვილია და ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცათ.
აუდიო-ჩანაწერი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა. ირანელ საჰაერო კონტროლის ოპერატორსა და პილოტს შორის სპარსულ ენაზე მიმდინარე საუბრის ჩანაწერში ისმის, როგორ ახსენებენ ისინი რაკეტას და იმას, რომ თვითმფრინავს რაკეტა შეეჯახა.