უკრაინა და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემა

შეერთებული შტატების სენატში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგებს განიხილავენ და უკრაინის დახმარების გზებზე მსჯელობენ. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ უკრაინის მიერ ბირთვული არსენალის დათმობის შემდეგ, რუსეთის ყირიმში შეჭრა ბირთვული განიარაღების პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რისკის ქვეშ აყენებს.

1994 წელს რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ, და მათ შორის რუსეთიც იყო, პირობა დადო, რომ ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, პატივს სცემდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. საუბარი შეეხებოდა მთელ მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალს. დემოკრატი სენატორის, რიჩარდ დურბინის თქმით, რუსეთმა -ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყანამ- საერთაშორისო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია.

„რუსეთმა არამარტო დადებულ პირობას უღალატა, არამედ ის უკრაინაში შეიჭრა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ უკრაინის მთავრობის გადარჩენაზე. არამედ საკითხი დგას ასე: რამდენად უნდა ეცადონ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები ბირთვული საფრთხის შემცირებას. ისინი ერთად უნდა დადგნენ და ერთხმად დაგმონ რუსეთი განხორციელებული ქმედებისთვის“ - აცხადებს სენატორი დურბინი.

მისი თქმით, განვითარებულ მოვლენებს ის ქვეყნებიც ადევნებენ თვალს, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნას, ან არსებული არსენალის გაზრდას ცდილობენ. უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან მათ ძალზე საშიში დასკვნები გამოაქვთ. დემოკრატი სენატორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მისი რესპუბლიკელი კოლეგა, სენატორი მარკო რუბიოც ეთანხმება.

„წარმოიდგინეთ რომ ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა ხართ, რომელიც დღეს მეზობელი ქვეყნებისგან საშიშროებას ხედავს. ამ დროს შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო მოგმართავს შენ და გეუბნება, რომ არ განავითარო ბირთვული იარაღი სამხრეთ კორეაში, არ განავითარო იაპონიაში, არ განავითარო საუდის არაბეთში. ჩვენ თქვენ დაგიცავთ, ჩვენ მოგხედავთ. ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა სახის გაკვეთილს ხედავენ ისინი უკრაინის შემთხვევაში“ - აღნიშნავს სენატორი რუბიო.

ის შიშობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და სავარაუდოდ, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეჭრა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის იმის პრეცედენტს, რომ უსაფრთხოების გარანტიები დაცული აღარ იქნება. ამიტომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ეტაპზე ბირთვული იარაღის შექმნას, ან მოცულობის გაზრდას ცდილობენ, მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მათი უსაფრთხოების დასაცავად ეს სწორი სტრატეგიაა.

სენატორთა შეშფოთებას არ იზიარებს ანალიტიკოსი ენტონი კორდესმენი სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან. ის ამბობს, რომ უკრაინის ფაქტორი სხვა ქვეყნების მთავრობათა გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

„ვფიქრობ, ისინი დასკვნებს ლოგიკური საფრთხეებიდან გამომდინარე გამოიტანენ და არა უკრაინის მაგალითზე დაყრდნობით. ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი, თუ ჩრდილოეთ კორეა არ დათმობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეტაპზე არიან ისინი, ჯერ ქმნიან იარაღს თუ ზრდიან მის რაოდენობას. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირანი, არჩევანს სულ სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აკეთებს“ - აცხადებს ექსპერტი.

შეერთებული შტატების სენატში კი განსხვავებული განწყობებია. ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის მაგალითზე სხვა მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. ზოგიერთი მათგანი უფრო შორსაც მიდის და უკრაინასთან მიმართებაში ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არასაკმარისად მიიჩნევს. ისინი მეტი ენერგო-დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფას და უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითხოვენ. დებატების საგანი რამდენიმე საკითხია: უკრაინისადმი ფინანსური დახმარება, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება და საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეერთებული შტატების მიერ შეტანილი ფონდების ისეთი ალოკაცია, რომელიც უკრაინისთვის მეტი სესხის გაცემას უზრუნველყოფს.