უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ია განადგურებული.
დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა თავად დანადგარი, მასზე არსებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა.
23 აგვისტოს დილით ყირიმულ "ტელეგრამის" არხებზე გამოჩნდა ფოტო, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სოფელ ოლენივკის მახლობლად კვამლის სვეტს აჩვენებდა. ადგილობრივი მოსახლეები წერდნენ, რომ იქ აფეთქება მოხდა.
რუსეთის ხელისუფლებას აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამის თაობაზე დეტალურად იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული არხი „რიბარი“. მისი განმარტებით, აფეთქდა არა S-400, არამედ S-300.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.