ნიუ-იორკში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ნიუ-იორკში უკრასინის დამოუკიდებლობის ცერემონია გაიმართა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში უკრაინის კონგრესის კომიტეტის ნიუ-იორკის ოფისმა საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა. მიღებაზე, ნიუ-იორკში მცხოვრებ უკრაინულ დიასპორასთან ერთად უკრაინის მხარდამჭერები ბელარუსიდან და პოლონეთიდანაც იმყოფებოდნენ. შეგროვილი თანხა იმ სამხედრო დანაყოფებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რუსულ აგრესიას ებრძვიან.

დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე ისევ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. რუსეთის მიერ დაპყრობილი ყირიმი, დონბასი, ლუგანსკი - ეს ადგილები ნიუ-იორკში 20-25 წლის წინ ჩამოსული უკრაინელებისთვის ისევ მშობლიური და ძვირფასია. დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებულ შეკრებაზე მისულმა ემიგრანტებმა უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი მეომრების - უკრაინის 59-ე ბატალიონის, ლვოვის 24-ე ბრიგადის და საქართველოს ეროვნული ლეგიონის მხარდაჭერის მიზნით ფულადი შემოწირულობები გაიღეს.

ლუდმილა ჯოვისიუტა ოდესელია. ნიუ-იორკში ოცი წლის წინ ჩამოვიდა, თუმცა პატრიოტიზმის გრძნობა არ განელებია.

ლუდმილა ჯოვისიუტა: რთულია, გამოვიცნო მოქალაქე პუტინი როდემდე გააგრძელებს აგრესიას, ომს, ეგრეთწოდებულ გამოუცხადებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი მიზანია, რომ შეასუსტოს უკრაინა და ეს ომი დროში რაც შეიძლება გვიანობამდე გაიწელოს. ეს მისი ინტერესია, რომ უკრაინა იყოს სუსტი. არსებობს შიში, რომ შეიძლება იგივე აგრესია სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც წამოიწყოს. თუ აქ ხუჭავენ თვალს, ის კიდევ უფრო შორს წავა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობას შეეცდება რატომ არა, თუკი აქ გაუვიდა.

უკრაინელების მხარდასაჭერად ღონისძიებაზე ნიუ-იორკში მცხოვრები სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ნიუ-იორკში მოქმედი ბელორუსის ტაძარი და მისი მრევლი იმათ შორისაა, რომლებმაც მეომრების დახმარება გადაწყვიტა.

ირა მილევსკი ბელარუსიდან ამბობს რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სურს რომ იქ დამყარდეს მშვიდობა და უკრაინა განვითარდეს.

შეერთებული შტატებიდან ფულადი შემოწირულობები უკრაინის სამხედროების დახმარების მიზნით უკვე ორი წელია იგზავნება. ინიციატორი მეომარი, ივან როდიჩენკო იყო, რომელიც ამერიკიდან უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსულ აგრესიასთან ბრძოლის მიზნით ჩავიდა. ის ყვება, რომ იმ პერიოდში მეომრებს სამხედრო აღჭურვილობა, თბილი ტანისამოსი, მედიკამენტებიც კი არ ჰქონდათ. დახმარების და ქველმოქმედების სურვილიც აქედან გაჩნდა. ივან როდიჩენკო ამერიკაში დაბრუნდა და ამერიკაში უკრაინის კონგრესის ხელმძღვანელს ანდრეი დობრიანსკის დაუკავშირდა.

ივან როდიჩენკო ამბობს ,რომ მეომრების დახმარების მიზნით ძირითადად სხვადახვა დიასპორის წარმომადგენლები აქტიურობენ. „ როდესაც ამერიკის კონგრესში გამოვედი, პირდაპირი ტრანსლაცია იყო და ამერიკელებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. ამ გამოსვლის შემდეგ ოფისში ერთმა ამერიკელმა დარეკა და გვითხრა რომ აქამდე 50 დოლარს აფრიკაში სპოლოების გადარჩენის ფონდში რიცხავდა, თუმცა ახლა გადაწყვიტა რომ ამ თანხით უკრაინელ მეომრებს დაეხმაროს.“

ანდრეი დობრიანსკი ამბობს, რომ უკრაინის კონგრესის კომიტეტი უკრაინელ მეომრებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ეხმარება. ცოტა ხნის წინ თანხა შეგროვდა ნიუ-იორკში მოქმედ უკრაინულ სკოლაშიც. მეომრები და ამერიკაში დაბადებული უკრაინელი ბავშვები ერთმანეთს სკაიპით გაესაუბრნენ. ეს სასარგებლოა იმ კუთხითაც, რომ კავშირების განახლება ხდება“.

ამერიკის უკრაინის კონგრესის კომიტეტის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში უკრაინელი და ქართველი მებრძოლებისთვის ფონდის მიერ ნახევარი მილიონი დოლარი შეგროვდა. ბრძოლა თავისუფლებისთვის ისევ გრძელდება.