უკრაინის საელჩო: "ბეირუთში უკრაინიდან მოპარული ხორბალი სირიული გემით ჩაიტანეს"

სირიული გემი, რომელიც უკრაინული ქერითა და ხორბლით იყო დატვირთული და რომელიც ამერიკის სანქციების ქვეშაა, ლიბანში, ტრიპოლის პორტშია გაჩერებული. ამის შესახებ ბეირუთში უკრაინის საელჩომ საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" აცნობა. საელჩოს ცნობით, ეს უკრაინული საწყობებიდან მოპარული მარცვლეულია.

გემი "ლაოდიკია" ტრიპოლის პორტში ოთხშაბათს გაჩერდა. "გემი ყირიმის პორტიდან დაიძრა, რომელიც საერთაშორისო ტრანზიტისთვის დაკეტილია, მას გადაჰქონდა 5 000 ტონა ქერი და 5 000 ტონა ფქვილი, რომელიც ჩვენი ვარაუდით, უკრაინული საწყობებიდანაა წაღებული", - ამბობს საელჩი. "ესაა პირველი შემთხვევა, როცა მოპარულმა მარცვლეულმა და ფქვილმა ლიბანამდე მიაღწია", -განმარტავენ საელჩოში.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისი ძალები უკრაინულ მარცვლეულს იპარავენ. ლიბანში რუსეთის საელჩოს განცხადებით, მათ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.

უკრაინის ელჩი ლიბანში ხუთშაბათს ამ საკითხის განსახილველად ლიბანის პრეზიდენტსაც შეხვდა და უთხრა, რომ მოპარული უკრაინული საქონლის შეძენა კიევსა და ბეირუთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს. ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე ნამდვილად იმსჯელეს, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საბაჟო სამსახურები ამ თემას თვალყურს მიადევნებენ.

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი ამ კვირის დასაწყისში ამბობდა, რომ ლიბანში ხორბლეულის კრიზისი ამ კვირაში "შემსუბუქდება ახალი იმპორტის წყალობით", თუმცა არავის დუაკონკრეტებია, საიდან ხდებოდა ეს იმპორტი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელები "როიტერის" კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.