უკრაინამ იტალიელი ექიმების დასახმარებლად მედიკოსთა გუნდი გაგზავნა

უკრაინამ, რომელიც მომავალ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელის, შაბათს იტალიაში ექიმების ჯგუფი გაგზავნა, რათა იტალიელ კოლეგებს დაეხმარონ და საველე გამოცდილება მიიღონ.

უკრაინაში იტალიის ელჩმა დავიდე ლა სესილიამ სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ექიმების 20 კაციანი ჯგუფი, რომელშიც ქირურგები, ნეიროქირურგები, ანესთეზიოლოგები და ექთნების შედიან, ორი კვირის განმავლობაში ცენტრალური იტალიის მარჩეს რეგიონში განთავსდება.

ელჩმა კიევის აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა: “ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ძლიერი სტრესის ქვეშაა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება სამედიცინო პერსონალი და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ უკრაინა ამ ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის.”

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც იტალიის ელჩს ახლდა, თქვა, რომ მომდევნო დღეებში უკრაინა იტალიაში მეტ სამედიცინო დახმარებას და სადეზინფექციო საშუალებებს გაგზავნის.

უკრაინული სამედიცინო მისის ხელმძღვანელმა ანდრიი მიროშნიჩენკომ თქვა, რომ გუნდის ყველა წევრი მოხალისეა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პაციენტების მკურნალობას დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებით შეძლებენ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 3 მარტის შემდეგ, როდესაც ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადგინდა, ქვეყანაში 1096 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 28 გარდაცვალება აღირიცხა. იმ დროს, როდესაც ათასობით უკრაინელი სამშობლოში ბრუნდება, სამინისტრო მომავალში ბევრად მეტ ციფრებს მოელის.