უკრაინა: რუსეთი ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს ყალბ საბუთებს აძლევს

ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები სამხედრო აღლუმზე, 27 ივლისი, 2023 წელი.

უკრაინა აცხადებსმ რომ რუსეთი ყალბ დოკუმენტებს აძლევს ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე იბრძვიან. მოსკოვის მიზანია, დაფაროს, რომ ჩრდილოკორეელები ფრონტზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალებმა.

ამის დასადასტურებლად "ტელეგრამში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას ერთვის რამდენიმე მამაკაცისა და მათი სამხედრო ბარათების ფოტოები. დოკუმენტებში მითითებულია, რომ მათი მფლობელები რუსეთის რესპუბლიკა ტუვაში ცხოვრობდნენ, ამასთან, ხელმოწერები, როგორც ჩანს, კორეულად არის გაკეთებული.

ცნობაში მითითებულია, რომ საქმე ეხებათ ჩრდილოკორეელ სამხედროებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დაიღუპნენ, კურსკის ოლქში, სადაც ისინი უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძვიან ყალბი, გამოგონილი ვინაობით.

„ამ სამხედრო ბილეთებში არ არის ყველა ბეჭედი, ფოტო, მამის სახელები რუსული წესის მიხედვით წერია, დაბადების ადგილად კი მითითებულია რესპუბლიკა ტუვა“, - იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფი.

უკრაინას მიაჩნია, რომ ამ ზომებს რუსეთი მიმართავს იმისთვის, „რათა ბრძოლის ველზე თავისი დანაკარგები და ფრონტზე უცხოელთა ყოფნა“ დაფაროს.

ასევე ნახეთ: ნატოს გენმდივანი ამბობს, რომ ზელენსკის მიერ შოლცის კრიტიკა უსამართლოა

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბრიუსელში განაცხადა, რომ „რუსეთი ჩრდილოკორეელ სამხედროებს რუსეთის მოქალაქეებად ნიღბავს, დაღუპულ ჯარისკაცებს კი სახეებს უწვავს, რათა შეუძლებელი იყოს მათი ამოცნობა“. პრეზიდენტის სიტყვებით, ჯერჯერობით ლაპარაკია კურსკში მყოფ ჩრდილოეთ კორეის 12 ათას ჯარისკაცზე.

ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამაზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედროს შესახებ. არ არიან არც ტყვედ ჩავარდნილები. მაგრამ დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროებიდან პრაქტიკულად ყველას რუსეთის პასპორტი აქვს.