მანჩესტერში მდებარე ჩინეთის საკონსულოში მოქალაქის ცემის გამო, ბრიტანეთის მთავრობამ ახსნა-განმარტებისთვის ჩინეთის ელჩი დაიბარა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, 16 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჯერ ჩინეთის საკონსულოში შეიყვანეს და შემდეგ იქ ცემეს.
აღნიშნულ ფაქტზე განცხადება სამშაბათს ბრიტანულმა მხარემ გააკეთა. "ჩინეთის ელჩი ლონდონში გამოიძახეს, რათა მას ინციდენტთან დაკავშირებით, მისი უდიდებულესობის მთავრობის ღრმა შეშფოთება გააცნონ და საკონსულოს თანამშრომლების ქმედებასთან დაკავშირებით, მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვონ", - თქვა ჯესი ნორმანმა, საგარეო ოფისიდან.
პასუხად ოფიციალურმა პეკინმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში ადგილი ჰქონდა ჩინეთის საკონსულოში უკანონოდ შეჭრის "შემაშფოთებელ ელემენტებს". ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ვანგ ვენბინის თქმით, მომხდარმა საფრთხე შეუქმნა "ჩინეთის დიპლომატიურ უწყებას".
მანჩესტერში კვირას ჩინეთის მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. 30-დან 40-მდე დემონსტრანტი ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდასაჭერად გამოვიდა. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ იძულებით საკონსულოს ტერიტორიაზე თანამშრომლებს მამაკაცი შავი კეპით. ინციდენტს ბრიტანეთის პოლიცია იძიებს.