კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტი მუტაციას განიცდის და ვაქცინის ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, კვლავ შეშფოთებას იწვევს. ახალი ვარიანტი მუტაციას განაგრძობს, რამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კოვიდ-19-ისგან დამცავი მთავარი იარაღი - ვაქცინების ეფექტიანობა. ამის შესახებ, ბრიტანეთის გენეტიკური მეთვალყურეობის პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს. მისივე თქმით, ვირუსის ეს ვარიანტი ქვეყანაში დომინანტურია და "ყველა ალბათობით, მთელ მსოფლიოს მოიცავს".

ახალმა კორონავირუსმა 2.35 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მილიარდობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ამასთან ერთად, ათასობით ადამიანში შიშს იწვევს ვირუსის ახალი ვარიანტი და ის, თუ როგორ იმუშავებს უკვე შექმნილი ვაქცინები მის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკა": ჩვენი ვაქცინა იდეალური არ არის, მაგრამ ადამიანებს გადაარჩენს

კონსორციუმის Genomics UK დირექტორი, შერონ პიკოკი აცხადებს, რომ ვაქცინები ბრიტანეთში ჯერჯერობით ეფექტიანია. მაგრამ, იმასაც ამბობს, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტის ახალმა მუტაციებმა, ეს შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

„შემაშფოთებელი ისაა, რომ 1.1.7 ვარიანტი, რომელიც რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში ცირკულირებდა, ახალ მუტაციებს იწყებს. ახალმა მუტაციამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვაქცინების ეფექტიანობაზე“ - აცხადებს პიკოკი ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთან“ სუბრისას.

ვირუსის „ბრიტანული" ვარიანტის ახალი მუტაცია პირველად სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ბრისტოლში გამოვლინდა. მას „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭეს.

ასევე ნახეთ: ამერიკაში აცრილებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ

ბრიტანეთის უფროსი სამეცნიერო მრჩეველი აცხადებს, რომ „ბრისტოლის ვარიანტს“, იგივე მუტაცია ჰქონდა, რაც „სამხრეთ აფრიკის ვარიანტს“. „გასაკვირი არ არის, რომ ეს მოხდა. ეს სხვაგანაც მოხდება“ - ამბობს პატრიკ ვალენსე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მომავალში, ბრიტანელი ხალხი უნდა ელოდოს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას განმეორებით მიიღებენ.

ჯერჯერობით, ფართოდ ცნობილი 3 ვარიანტია, რომლებიც მეცნიერებს ამ დროისთვის აშფოთებთ:

1. ე.წ. სამხრეთ აფრიკის ვარიანტი - 20I/501Y.V2, იგივე B.1.351

2. ე.წ. ბრიტანული ვარიანტი - 20I/501Y.V1, ან B.1.1.7

3. ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - P.1.