სტატია განახლებულია 21 მარტს:
რუსეთმა გამოიყენა ისეთი იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში არ გამოყენებულა. რუსეთის ქმედებას გმობენ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროკავშირსა და აშშ–შიც. გაერთიანებული სამეფოს მიმართ მხარდაჭერას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც შეუერთდა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი არაა მარტო.
თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, რუსეთზე საუბრისას საქართველოც ახსენეს და აღნიშნეს, რომ ის რუსეთის მსხვერპლია.
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები ღია ტექსტით გმობენ რუსეთის ქმედებებს და მოიხსენიებენ საქართველოსაც, როგორც ერთ–ერთ მაგალითს, შანსი ჩნდება საქართველოსთვის საერთაშორისო სივრცეში წინ წამოწიოს საკუთარი პრობლემები, ოკუპაციის საკითხი და ახალი ჭრილობა – მოქალაქეების მკვლელობა კონფლიქტის ზონებში.
15 მარტს, სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნებამდე, "ამერიკის ხმამ" სცადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის მოპოვება, მაგრამ სამინისტრომ ინტერვიუს მოთხოვნაზე უარი გვითხრა.
განცხადება, რომელიც ონლაინ სივრცეში საქართველოს ოფიციალურ პოზიციად შეიძლება იყოს აღქმული, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის "ტვიტერის" ტექსტია, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ბრიტანეთს სიმართლის დადგენის საქმეში.
„მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს სიმართლის დადგენის საქმეში,“ დაწერა მიხეილ ჯანელიძემ „ტვიტერში.“
ამ სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველო მიუერთდა ეუთოს მუდმივ საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით ვროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებულ სპეციალურ განცხადებებს 16 მარტს, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოზე გაკეთებულ განცხადებას, რომელთა თანახმადაც დაგმობილია რუსეთის კანონგარეშე ქმედებები ბრიტანეთის ქალაქ სალისბერიში, სადაც ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია პარკში უგონოდ იპოვეს.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი კარგი და ნოყიერი ნიადაგი რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით უკრაინის მოვლენებს, რომელიც ჩვენ „გამოვტოვეთ.“
„ლონდონში აპელირებენ საქართველოს 2008 წლის ომითაც. ტერეზა მეიმ გუშინ პარლამენტში, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა გაეროში თქვეს, რომ საქართველო არის ერთ–ერთი ობიექტი რუსეთის მხრიდან თავდასხმის. ამ ყველაფრის ფონზე პრემიერის განცხადებები სრულიად არაადექვატური მეჩვენება. ჩვენი პატრნიორები ღიად და საღად იწყებენ რუსეთის შეფასებას. ჩვენ სამწუხაროდ, სრულიად საწინააღმდეგო რამეს ვაკეთებთ," თქვა კაპანაძემ.
მინისტრ ჯანელიჯის განცხადებასთან დაკავშირებით კი, კაპანაძეს მიაჩნია, რომ სიმართლე უკვე დადგინდა. "ტერეზა მეიმ რუსეთს ხელი პირდაპირ დაადო. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისგან ზოგადი განცხადებები გვესმის იმის შესახებ, რომ „იმედი აქვთ სიმართლის დადგენის.“ რუსეთიც იგივეს ამბობს და ასეთი თანხვედრა რიტორიკაში ძალიან სამწუხაროა.“
ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად განიხილება საქართველოს სტრატეგიული ორიენტაციის თემა. ამ მსჯელობას ბიძგი პრემიერმა კვირიკაშვილმა მისცა, რომელმაც გასული კვირის ბოლოს მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. მისი მესიჯი რუსეთთან ურთიერთობის ფორმების გაახლებას, გადასინჯვას, ტრანსფორმაციას უკავშირდებოდა. პრემიერის ინიციატივას სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ოპოზიცია და მას ამ საკითხის განხილვისთვის პარლამენტში მოსვლისკენ და თემის განხილვისკენ მოუწოდებს.
პრემიერის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის გადასინჯვის ან მასში თავად პრემიერის შესაძლო ჩართვის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახსნა, როგორც უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის სურვილი, რასაც ასევე წამგებიანად მიიჩნევს ოპოზიცია. დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს რუსეთი უპირისპირდება, ამიტომ მხარე რუსეთია, თუმცა მასთან უშუალო დიალოგში ჩართვა, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების გარეშე, საქართველოსთვის წამგებიანია – მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც ამ თეზისს იმით ამყარებს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო არათანაბარ მდგომარეობაშია და შესაბამისად, დიალოგის შედეგიც მისთვის არასასურველი და კაბალური იქნება.
ამიტომაც ჟენევის დისკუსიების ფორმატს, რომელშიც ქართულ, რუსულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ეუთო და გაეროა წარმოდგენილი, ოპოზიცია რუსეთისთვის არაკომფორტულად და საქართველოსთვის მოხერხებულად მიიჩნევს. აბაშიძე–კარასინის დიალოგს კი, სადაც მხოლოდ ორი მხარე ზის ერთმანეთის პირისპირ - ქართული და რუსული - უარყოფითად აფასებს.
ამგვარი დავის ფონზე პასუხი დიდმა ბრიტანეთმა თქვა, რომელმაც რუსეთი მის ტერიტორიაზე აკრძალული, ნერვულ–პარალიზებადი ნივთიერების („ნოვიჩოკის“) გამოყენებით მოქალაქეების მოწამვლაში დაადანაშაულა და საპასუხოდ 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმაც ბრიტანელი დიპლომატების იგივე რაოდენობას შეუწყვიტა დიპლომატიური სტატუსი.
საქართველოს პარლამენტში კი მესამე კვირაა დღის წესრიგშია რუსეთის ქმედებების შემფასებელი რეზოლუციის განხილვისა და კენჭისყრის საკითხი, რამაც ეგრეთ წოდებული, ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია უნდა წამოადგინოს, რომელშიც შევლენ ის პირები, ვინც ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობებშია ეჭვმიტანილი საქართველოს ტერიტორიაზე. დოკუმენტის მიხედვით, მათზე უნდა გავრცელდეს სანქციაც.