ლონდონის მეჩეთზე თავდამსხმელმა, ცნობების მიხედვით, დაიყვირა „სიკვდილი ყველა მუსლიმს“ და შემდეგ ფურგონი ხალხის მიმართულებით ამოძრავდა.
ამავე მეჩეთში, რამდენიმე დღით ადრე, აქტივისტმა ფიიაზ მუღალიმ თემის წევრები თავდასხმების შესაძლო გახშირების შესახებ გააფრთხილა.
„მე ვფიქრობ მთავრობამ ყურადღება არ გაამახვილა იმ წყაროებზე, რომლებიც ყოველდღიურად ანტი-მუსლიმურ რიტორიკას ეწევა, რომელიც ძალადობისთვის გარემოს ქმნის“, ამბობს აქტივისტი ფიიაზ მუღალი.
მუღალიმ ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც აგროვებს და აშუქებს მუსლიმების წინააღმდეგ თავდასხმებს. მისი თქმით, ანტი-მუსლიმური რიტორიკა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათ შორის ფიზიკური ძალადობის რაოდენობა გასულ თვეს მანჩესტერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გახუთმაგდა.
„ამას სოციალური გავლენა აქვს, ასევე მენტალური და ემოციური, ეს ყველაფერი ქმნის „ჩვენ და ისინი“ ტიპის მიდგომას, რომელიც პრობლემურია და ზოგიერთ შემთხვევაში, საშიშიც, რადგან ექსტრემისტებმა შესაძლოა ეს გამოიყეონ“, ამბობს მუღალი.
ლონდონის მეჩეთის თავდასხმა, მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ ბრიტანელი კანონმდებლის ჯო კოქსის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე მოხდა. მედიის თქმით, მემარჯვენე ექსტრემისტების რაოდენობა, რომელიც სამთავრობო ტერორიზმის „პრევენციის პროგრამაში“ ხვდება, 30%-ით გაიზარდა.
„ბრიტანეთში პრევენციის გეგმა ძირითადად, ისლამისტურ ექსტრემიზმზე ფოკუსირდება და ამას იყენებს იმისთვის, რომ რადიკალურ მემარჯვენე და ექსტრემისტ მემარჯვენე ჯგუფებს გაუმკლავდეს, ასევე იმ პრობლემას, რასაც ისინი წარმოადგენენ. მე ვფიქრობ, საჭიროა მისი გადახედვა“, -ამბობს პოლ ჯექსონი, ნორთჰემპტონის უნივერსიტეტიდან.
კრიტიკოსები კონსერვატიულ მედია საშუალებებს და პოლიტიკოსებს დებენ ბრალს მუსლიმი თემის წინააღმდეგ დაპირისპირების გაღვივებაში.
„მე ვფიქრობ, ეს უკავშირდება ზოგად ტენდენციებს, რომელიც მუსლიმების მიმართ რადიკალური დამოკიდებულების ნორმალიზაციას ახდენს“, ამბობს ჯექსონი.
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ითხოვს, რომ მთავრობამ გადახედოს „პრევენციის პროგრამას“. მთავრობა ამბობს, რომ ის მზადაა და ცდილობს ყველა სახის ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლოს.