ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, რომელზეც ევროპარლამენტარების ნაწილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება და საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად, ევროკავშირის უწყებებს უფრო მკაცრი ზომების გატარება მოსთხოვა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოზე იმსჯელეს. ეს იყო ევროპარლამენტის პირველი დისკუსია საქართველოზე ევროკავშირის საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეხება.
დებატები გახსნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ. მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ "უმალ და ცხადად გადაუხვია ევროპულ გზას". ევროკომისრის თქმით, ძალადობის შემოქმედებმა პასუხი უნდა აგონ, ხელისუფლებამ კი უნდა "გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიის შესაჩერებლად, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული დემონსტრანტები და განაახლოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი".
დუბრავკა შუიცას შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოში გასულ კვირაში ჩასული ევროპარლამენტარების დელეგაციას ხელმძღვანელობდა. "საქართველო ხდება სახელმძღვანელოში შესატანი შემთხვევა იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსულ გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას ერთი გასროლის გარეშე", - თქვა მან. რასა იუკნევიჩიენემ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მიიღონ ინდივიდუალური სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
სიტყვით გამოვიდა თბილისში ნამყოფი დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, გერმანელი ევროპარლამენტარი ტობიას კრემერიც. "ცოტა ხნის წინ დავბრუნდი თბილისიდან და რაც იქ ვიხილე, შემაძრწუნებელი იყო", - თქვა კრემერმა: "მთავრობა, რომელიც აყალბებს არჩევნებს, არბევს თავისივე მოსახლეობას და ცდილობს, კრემლის ჩრდილქვეშ ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას", - დასძინა მან.
ასევე ნახეთ: მოვუწოდებთ 27-ივე წევრ ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას სანქციებზე - ევროპარლამენტის პრეზიდენტიდებატებისას სიტყვით გამოსული ევროპარლამენტარების ნაწილმა დაიცვა "ქართული ოცნება". მათ შორის იყო ფრანგი ევროდეპუტატი ტიერი მარიანი, რომელიც წარსულში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტიას წარმოადგენს. ტიერი მარიანიმ ევროკავშირი საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო უკრაინის ღირსების რევოლუციასთან.
"თქვენ ცდილობთ, მოვლენები მაიდნის მსგავსად კონტროლიდან გავიდეს", განაცხადა მან და დასძინა: "თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან. ისინი უძლებენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო", - თქვა მარიანიმ.
მისგან განსხვავებით, ტიერი მარიანის თანამემამულემ, ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა ნატალი ლუაზომ 26 ოქტომბრის არჩევნებს "მოპარული" და გაყალბებული უწოდა. "ასეთი უძლურები ვართ? არ უნდა დავუწესოთ სანქციები "ქართული ოცნების" სპონსორებს?" - იკითხა ნატალი ლუაზომ, რომელიც თბილისში ნამყოფი დელეგაციის კიდევ ერთი წევრი იყო.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქარტველოს შესახებ ერთი დღით ადრე, 16 დეკემბრის შეხვედრაზე იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგანან“.
თუმცა, ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ. „გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო, - განაცხადა კაია კალასმა, - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“.
ასევე ნახეთ: დემოკრატიულ უკუსვლას და რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი მოჰყვება - ევროკომისიამეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც საქართველოს მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, არის ის, რომ მათ სურდათ თავიდან აერიდებინათ ბრიუსელთან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.
ასევე ნახეთ: მთავრობა: ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ