ამერიკის ეკონომიკა ოპტიმისტურად გამოიყურება

ჰიუსტონში გამართულმა „სეირას“ კონფერენციამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საწვავის დივერსიფიცირების საკითხში დიდ წარმატებას აღწევს
ბუნებრივი აირის ბუმმა და ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტების მოპოვების გაფართოებამ შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა. ქალაქ ჰიუსტონში გამართულ „სეირას“ კონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის ეკონომიკა საწვავის არამარტო გადამუშავების, არამედ დივერსიფიცირების საკითხში ძალზე ოპტიმისტურად გამოიყურება.

ტეხასში, კონფერენციის მასპინძელ შტატში და არამარტო იქ, ბუნებრივი აირის მოპოვებამ ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით ფართო მასშტაბები მიიღო. სხვადასხვა სახის ენერგიის წარმოება ამერიკაში იმდენად გაიზარდა, რომ ამმხრივ ეკონომიკის შემდგომი ზრდის პროგნოზი ეჭვგარეშეა. სპეციალისტების შეშფოთებას უფრო მეტად სატრანსპორტო მრეწველობა იწვევს, ვინაიდან მისი ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულება მხოლოდ მცირედით შეიზღუდა. დანიელ აიკერსონი, კომპანია „ჯენერალ მოტორსის“ თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ერთ-ერთ გამოსავალს ბუნებრივი აირის გასამართი სადგურების რაოდენობის ზრდაში ხედავს.

„თუ ჩავთვლით, რომ ეს პროდუქტს უკეთ გაყიდის და მეტ მოგებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“ - ამბობს ის.

მაგრამ ამაში ფედერალური მთავრობის მხარდაჭერას აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ენერგიის დივერსიფიცირების წახალისება არამარტო მოპოვების და გადამუშავების მიმართულებით, არამედ გასაღების და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობითაც უნდა მოხდეს.

ბუნებრივ აირზე მომუშავე მსუბუქი და საბარგო მანქანები ძალიან ძვირია. „ამერიქან პეტროლიუმის“ ინსტიტუტის მთავარ ეკონომისტ, ჯონ ფელმის მიაჩნია, რომ ენერგიის განსხვავებულ წყაროებზე გადასვლა შეერთებულ შტატებში სატვირთო მანქანებით უნდა დაიწყოს, რადგან ისინი კონტინენტალური გადაზიდვების მთავარ საშუალებას წარმოადგენს.

მსუბუქი მანქანების ფასიც კი ჩვეულებრივს იმდენად აჭარბებს, რომ ამ თანხის ამოღება საწვავის ხარჯზე საკმაოდ ჭირს. ამ მდგომარეობის გამოსწორება უფრო მნიშვნელოვანი მძიმეწონიან სატვირთო მანქანებზეა, ვიდრე ჩვეულებრივ, საოჯახო ავტომობილებზე“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

ამას გარდა ჯონ ფელმი მთავრობის მხრიდან ბუნებრივი თხევადი აირის ექსპორტის წახალისებასაც აუცილებლად მიიჩნევს, რაც მწარმოებლებს ზრდის და განვითარების საშუალებას მისცემს. ყველაფერთან ერთად შემცირდება შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამბობს ის.

ბუნებრივი თხევადი აირის ექსპორტით სხვა ქვეყნებიც მოიგებენ, მათ შორის რუსეთი.

აღფრთოვანებული ვართ, ვინაიდან ამით თხევადი აირის მწარმოებელი კერძო კომპანიების რიცხვი გაიზრდება“, ამბობს მიხეილ სმირნოვი. ის ბიზნესმენია და ჰიუსტონის კონფერენციაზე კომპანია „კრიოგენმაშს“ წარმოადგენს, რომელიც ცდილობს ამერიკელ მეწარმეებს თხევადი გაზის მოპოვების და გადამუშავებისთვის აუცილებელი დანადგარები მიყიდოს.

„სეირას“ კონფერენციაზე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსულები და ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ენერგიის წარმოების ზრდა და მისი დივერსიფიცირება. ექსპერტები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსოფლიოში ენერგიის წყაროებზე მოთხოვნა იზრდება, მათ შორის არამარტო ნავთობპროდუქტებზე, არამედ ქვანახშირის, ბუნებრივი არის, განახლებადი ენერგიის და სხვა მრავალი სახის ენერგიის წარმოებაზე.