5 500 $ ჯარიმა კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელებისთვის - ახალი შეზღუდვა საამიროებში

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფოს ოფიციალური განცხადებებისგან განსხვავებულ სამედიცინო ინფორმაციას გაავრცელებს, 20 000 დირჰემით, ანუ 5 500 $-ით დააჯარიმებენ. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს ნაბიჯი დეზინფორმაციისა და ჭორების გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად გადადგა, ქვეყანაში კი ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 6 300-ზე მეტი და გარდაცვალების 37 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"აკრძალულია ნებისმიერი კერძო პირისთვის გამოქვეყნება, უკვე გამოქვეყნებულის თავიდან გამოქვეყნება/გაზიარება ან ისეთი სამედიცინო ინფორმაციის თუ მითითების გავრცელება, რომელიც არის ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ეს ეხება ბეჭდურ, აუდიო-ვიდეო თუ სოციალურ მედიას, ონლაინ ვებგვერდებსა და ინფორმაციის გავრცელების სხვა ნებისმიერ საშუალებას", - აცხადებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო მთავრობის მითითების განმარტებისას.

თუმცა, განცხადებაში მხოლოდ "კერძო პირებზეა" საუბარი და ქვეყნის ხელისუფლებას არ განუმარტავს ეხება თუ არა იგივე შეზღუდვა ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულ ადამიანებს.