ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით შეიარაღებული ძალები გაიგზავნება.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატში განთავსებული 2 000 სამხედრო მოსამსახურე პოლონეთსა და გერმანიაში ამ კვირაში გაემგზავრება. ამჟამად გერმანიაში მყოფი 1000-მდე სამხედრო კი რუმინეთში გადაინაცვლებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ შეატყობინა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში სამხედროებს ქვეყანაში არ გაგზავნის, თუმცა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და იარაღით დახმარება გრძელდება.
სამხედრო ძალების ევროპაში გაგზავნის გადაწყვეტილების პარალელურად, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან შეჩერებულია. ევროპაში კი კვლავ შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღოს. ნატოს წევრი სახელმწიროები, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე იმყოფებიან, ამბობენ, რომ უკრაინის შემდეგ აგრესიის სამიზნე შესაძლოა ისინიც გახდნენ. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ის არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, კონფლიქტის წამოწყებას და დიოლომატიური გზის გაგრძელება სურს. კრემლი პროვოკაციულ ქმედებებში ნატოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით დასავლეთისგან გარანტიები სჭირდება.
პენტაგონის განცხადებით, 8 500-მდე ამერიკელი სამხედრო ასევე მზადაა იმისთვის, რომ თუკი საჭირო გახდება, ევროპაში პარტნიორების უსაფრთხოება დაიცვას. ამ დროისთვის, ევროპაში 75 000-იდან 80 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია მუდმივი მისიით თუ რეგულარული როტაციებით, მაგალითად პოლონეთში.