ამერიკის შეერთებული შტატები, ახალი კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის თითქმის მესამედის მისაღებად თადარიგს იჭერს და ამისთვის კომპანიისთვის "ასტრაზენეკა" (AstraZeneca) $1.2 მილიარდის გამოყოფას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, არცერთი ვაქცინის ეფექტურობა დადასტურებული არ არის, მსოფლიო ლიდერები ვაქცინას შეჩერებული ეკონომიკის ამუშავების ერთადერთ რეალურ გზად მიიჩნევენ.
ვაქცინის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი შეთანხმდა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის განვითარების დასაჩქარებლად, მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს და უზრუნველყოფს, რომ აშშ-მ 300 მილიონი დოზა მიიღოს.
ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა და მის ლიცენზიას ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია "ასტრაზენეკა" ფლობს.
“გვინდა მადლობა გადავუხადოთ აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს იმისთვის, რომ ისინი მნიშვნელოვან, არსებით დახმარებას გვიწევენ ვაქცინის შემუშავებასა და წარმოების დაჩქარებაში“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა.