ამერიკაში ჩინური აეროსტატის ნარჩენების შეგროვება დასრულდა

აშშ-ის საზღვაო ფლოტის წევრები სამხრეთ კაროლინის ნაპირთან ჩინური აეროსტატის ნარჩენებს შემდგომი გამოძიების მიზნით ფუთავენ. 13 თებერვალი, 2023 წ.

შეერთებულმა შტატებმა პარასკევს, 17 თებერვალს განაცხადა, რომ წინა დღეს დაასრულა ციდან ჩამოგდებული ჩინური სადაზვერვო აეროსტატის ნარჩენების ოკეანიდან შეგროვება. ამერიკის საზღვაო ფლოტის წევრებმა სამუშაოები დაამთავრეს და მოძიებული ნარჩენები გამოძიებას ლაბორატორიული კვლევებისთვის ჩასატარებლად გადასცეს.

"ნარჩენების ბოლო ნაწილებიც გადავაგზავნეთ ვირჯინიაში მდებარე გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში", სადაც მათი კონტრდაზვერვითი მიმართულებით შესწავლა ხდება - განაცხადა შეერთებული შტატების ჩრდილოეთის მართვის ცენტრის წარმომადგენელმა. განცხადების მიხედვით, ნარჩენები წყლის ზედაპირიდან და წყალქვეშ მოიძიეს. საზღვაო ფლოტის და სანაპირო დაცვის გემებმა საჰაერო ბუშტის ფორმის აეროსტატის ჩავარდნის ადგილზე, პერიმეტრი დატოვეს.

ასევე ნახეთ: ჩინური საჯაშუშო აეროსტატიდან ამერიკელმა სპეციალისტებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სენსორები აღადგინეს

4 თებერვალს ჩინური სადაზვერვო ობიექტის სამხრეთ კაროლინის შტატის თავზე ჩამოგდებამ ვაშინგტონს და პეკინს შორის პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. მოზრდილი საჰაერო ბუშტის სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ინციდენტის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.

პეკინი ბრალდებებს უარყოფს. ჩინეთი აცხადებს, რომ საჰაერო ბუშტის ფორმის მოზრდილ აეროსტატს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულება ჰქონდა და ის შეერთებულ შტატებში თვალთვალს არ აწარმოებდა.

ამის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებმა შეერთებული შტატების და კანადის ციდან კიდევ 3 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. რიგით მე-2, შედარებით მომცრო მანქანის ზომის ობიექტი ამერიკელებმა 10 თებერვალს, ალასკის შტატის თავზე ჩამოაგდეს. მესამე შაბათს - კანადაში, ამერიკის საზღვრის მახლობლად და მეოთხე კვირას - მიჩიგანის შტატში. ობიექტების ნარჩენების მოძიების პროცესი, რომელთა უმეტესობა წყალში ჩაცვივდა და მათი წარმომავლობის თაობაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.