ელჩი დეგნანი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა გაუძღვეს მას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ გაუძღვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წარიმართოს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. აქ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ესაა, რისი დანახვაც გვინდა და არა ქუჩაში ძალადობის" - საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საკუთარი ხელისუფლების შეფასება, პირველ რიგში თავად ქართველი ხალხის საქმეა.

კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ასევე ნახეთ: მიქსი: საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა მისი ხალხის უფლებები


"რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურთ ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. ხელისუფლება ასევე პასუხისმგებელია, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიონალური საქმიანობის შესრულება უსაფრთხო გარემოში შეძლონ. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ ვიხილეთ. ახლა მე ვიმედოვნებ, რომ ამ თავისუფლებების ღირებულება და მნიშვნელობა უფრო დაფასდება და რომ იქნება უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რათა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით უსაფრთხო გარემოში ისარგებლონ" - განაცხადა საქამიანი ვიზიტით ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩმა.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ „შოკისმომგვრელია“ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალება და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს და კოლეგებს.

ამერიკის საელჩომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გუშინაც გაავრცელა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები, კანონის სრული სიმკაცრით სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

„ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“ – ნათქვამია საელჩოს მიერ 11 ივლისს გაკეთებულ განცადებაში.