კამპანია გადამწყვეტ ფაზაში

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი მათი პრეზიდენტობის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, გასატარებელ რეფორმებზე და პოლიტიკაზე საუბრობენ. ორივე კანდიდატი ახლა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობს.

მპანიის მსვლელობისას კანდიდატები ერთმანეთის მკაცრ კრიტიკას და ლანძღვას არ მორიდებიან.

„ჰილარი კლინტონი ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსია, ვისაც ოდესმე პრეზიდენტობის სურვილი გამოუთქვამს,“ ასე შეაფასა რესპუბლიკელმა ტრამპმა დემოკრატი მეტოქე. მან კი ტრამპს „არაკვალიფიციური და პრეზიდენტობისა და მთავარსარდლობისთვის შეუფერებელი კანდიდატი“ უწოდა.

არჩვენების მოახლოებასთან ერთად კანდიდატებმა პოლიტიკაზე საუბარი დაიწყეს და ამომრჩევლებისთვის ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ იდეებს წარმოადგენენ.

„პრეზიდენტად თუ ამირჩიეს, ვაშინგტონის ჭაობს დავაშრობ,“ ამბობს ტრამპი და ამბიციურ გეგმებზე საუბრობს:

„ვაპირებ გადავხედო ყველა იმ საშინელ სავაჭრო შეთანხმებას, რაც აქამდე დადებულა, დავასრულებ არალეგალურ იმიგრაციას, დევნილების უწყვეტ ნაკადს, შევამცირებ კრიმინალს, მნიშვნელოვნად შევამცირებ გადასახადებს და რეგულაციებს.“

კლინტონი აქცენტს ეკონომიკის ზრდაზე აკეთებს:

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიცია სამუშაო ადგილების შექმნაში ჩაიდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები ინფრასტრუქტურაში. გავაგრძელებთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და განახლებად ენერგიაზე მუშაობას.“

ერთმანეთზე თავდასხმითაა გაჯერებული ორივე კანდიდატის სარეკლამო რგოლები:

„ჰილარი კლინტონის საზღვრის პოლიცია ქვეყანაში შემოუშვებს ისეთ ხალხს, როგორმაც ჩემი შვილი მოკლა,“ ვიგებთ ტრამპის რეკლამაში.

ამავე თემას ეძღვნება კლინტონის კამპანიის ერთ-ერთი რგოლი „ჩემი შვილი ჰუმაიუნ ხანი კაპიტან იყო. ის ამერიკელი იყო და 27 წლის ასაკში დაიღუპა. ექნებოდა მას ადგილი თქვენს ამერიკაში“, ამ კითხვით მიმართავს კლინტონის საარჩევნო რგოლი ტრამპს და ამით მის საიმიგრაციო პოლიტიკას ეხმაურება.

8 ნოემბრის მოახლოებასთან ერთად კლინტონი და ტრამპი ამერიკის მომავალზე უფრო მეტს საუბრობენ და ცდილობენ ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვონ.