საქართველოს ავტობუსი რუსეთში გადაბრუნდა - არის მსხვერპლი

ავტოავარიის ადგილი ლიპეცკის ოლქში

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 11 დაშავდა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან 450 კმ-ით მოშორებულ ქალაქ ლიპეცკთან ახლოს, Mercedes-Benz O 404 მარკის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად.

ფედერალურ ტრასა „დონზე“, სარეისო ავტობუსი ქართული სახელმწიფო ნომრებით LOL 500, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. ავტობუსმა საქართველოსკენ დღეს დილით აიღო გეზი, ავტოავარია კი ადგილობრივი დროით, 18 საათსა და 40 წუთზე მოხდა.

ტრაგედიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 17 მგზავრი იყო, რუსული მედიის ცნობით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე, თუმცა არ გამორიცხავენ, ავტობუსში სომხეთის მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, 11 დაშავებულიდან 8 მგზავრი ლიპეცკიდან 78 კმ-ით მოშორებულ ქალაქ ელეცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულთა შორის არის 5 წლის ბავშვი, რომელსაც თავის დახურული ტრავმა აქვს.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკში ჩარჩენილი მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით თბილისიდან ორი ავტობუსი უკვე გაემართა.

როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ავტობუსი სახელმწიფო ნომრებით LOL 500, საქართველოს ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან, თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან ემსახურება. კომპანია ამ დრომდე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გარდაცვლილ და დაშავებულ მგზავრთა ოჯახების დროული ინფორმირება.

რუსი სამართალდამცეველების ცნობით, ავტოავარიის დროს ჰაერის ტემპერატურა ლიპეცკის ოლქში მინუს 4 გრადუსი იყო, საღამოს გაწვიმდა და მოყინა. დიდი ალბათობით, მძღოლმა ავტობუსის დამორჩილება მოყინულ გზაზე ვერ შეძლო და გადაბრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია კავშირზეა რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან და სამედიცინო ცენტრთან სადაც დაშავებულებს მკურნალობენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740".