საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თურქეთში კვირას რეფერენდუმი ჩატარდება

კვირას თურქეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უნდა გამოხატონ აზრი: არსებული საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება სურთ თუ პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას უჭერენ მხარს.

ამ საკითხმა თურქეთის მოსახლეობა ორად გაყო:

შესაძლო ცვლილებების მომხრეები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლების გაზდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გააუმჯობესებს, მოქალაქეების დაცულობისა და სტაბილურობის გარანტიებს შექმნის. არსებული სისტემის დამცველები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდა ქვეყანაში მის მიერ უკვე დამყარებულ დიქტატურას კიდევ უფრო გააძლიერებს.

პროცესებზე დამკვირვებელთა ყურადღების ცენტრში სტამბოლია, თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით მეხუთედია რეგისტრირებული. ამიტომ, სავარაუდოდ, სწორედ სტამბოლი გადაწყვეტს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და თურქეთის მმართველობის სისტემს ბედს.

წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ძნელი სათქმელია საკონსტიტუციო რეფორმის მომხრეები გაიმარჯვებენ თუ მოწინააღმდეგეები. მათ რაოდენობას შორის განსხვავება არც ისე დიდია.

ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეები კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის ნაცვლად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიღწევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კრიმინალებთან ბრძოლა დაიწყო, დაამარცხა ფარული გავლენიანი ჯგუფები ქვეყნის მმართველ წრეებში და გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის კუთხით. შესაბამისად, მათი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები მას დაეხმარება, ქვეყნის განვითარების პროგრამა გააგრძელოს.

თუმცა ერდოღანის ძალაუფლების გაზრდა აშინებთ მის მოწინააღმდეგეებს, და ამბობენ, რომ ეს სწორედაც რომ დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგო პროცესს შეუწყობს ხელს. "ჩვენ უარს ვეუბნებით ერთკაციან რეჟიმს" - ამბობენ ცვლილებების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. თუმცა ორივე მხარის დაძაბული საარჩევნო კამპანია სწორედ რომ ერთი ადამიანის - მოქმედი პრეზიდენტის ირგვლივაა კონცენტრირებული. ერდოღანი კი თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგაც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.