ერდოღანი სოციალურ მედიას საფრთხეს უწოდებს

თურქეთში ინტერნეტ-შეზღუდვების თაობაზე ახალ კანონ-პროექტს ამზადებენ

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალური მედია გააკრიტიკა და მისი გათიშვით, ასევე მომხმარებლების მიმართ სოციალური მედიის ცენზურის მიზნით სპეციალური კანონმდებლობის შემოღებით დაიმუქრაა. თუმცა არსებული საპროტესტო მუხტის გათვალისწინებთ, რასაც პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტების დაშლა მოსდევს, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ აკრძალვების გამო თურქები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, გაიზრდება სოციალური მედიის მომხმარებელიც. სტამბოლიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი მოგვითხრობს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სამოქალაქო არეულობის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა. საერთო სახალხო დემონსტრაციების დროს, აქციის მონაწილეები ერდოღანის გაზრდილ ავტორიტატულ მმართველობას აპროტესტებდნენ. თუმცა, შაბათს ათასობით მომიტინგესთან შეხვედრის დროს ერდოღანი შეეცადა ავტორიტარიზმთან გავლებული პარალელები გაებათილებინა და ამტკიცებდა, რომ ეს არეულობა ფართომასშტაბიანი გლობალური შეთქმულების ნაწილს წარმოადგენს. ბრაზილიის ბოლოდროინდელი მოვლენებიც სწორედ ამ პროცესის ნაწილია ამბობს ერდოღანი.

რეჯებ ტაიპ ერდოღანი: ის თამაში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა ბრაზილიაში, თურქეთში გათამაშდა. ტვიტერით და ფეისბუკით გავრცელებული ინფორმაციები, ამ ქვეყნებში იდენტურია. თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები თავიდანვე წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით და წინასწარ განზრახული შედეგით. დემონსტრანტები მუდმივად იტყუებოდნენ, დაკავებული იყვნენ უწყვეტი მანიპულაციით, აქვეყნებდნენ გაყალბებულ ინფორმაციას.

პრემიერ-მინისტრმა სოციალურ მედიას საზოგადოების დიდი საფრთხე უწოდა, რომელიც საზოგადოებაში ტყუილებს და ნახევრად მართალ ინფორმაციას ავრცელებს მის ხელისუფლებაზე. ერდოღანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, სოციალური მედია ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მთავარ იარაღს წარმოადგენს. თურქეთის ხელისუფლება ახალ ინტერნეტ კანონმდებლობას ამზადებს, და ასევე იგეგმება ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების უფლებების გაზრდა.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ ნიუ იორკის ოფისის თურქეთის საკითხების მკვლევარი ემმა სინკლერ ვები ამბობს, რომ ტვიტერის ლეგიტიმური გაფილტვრისთვის სამართლებრივი მექანიზმი არსებობს. თუმცა ის შეშფოთებულია იმით, რომ ყოველი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული.

ემა სინკლერ ვები: მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება შეზღუდო მოსაზრებები და ნაწერები, როდესაც ის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ ნებისმიერი შეზღუდვების დროს ზღვარი ძალიან ფრთხილად უნდა გაივლოს. სამწუხაროდ ის, რაც ცნობილია და წლების განმავლობაში რაც ხდება თურქეთში ამაზე მთავარი აზრი არის ის, რომ განსხავებული შეხედულების ადამიანები ხშირად სასამართლო დარბაზებში ხვდებიან, რაც არ უნდა ხდებოდეს.

საერთო სახალხო აქციების ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე, შეკრებილი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტ სივრცეს ვირუსივით მოედო თურქეთში. დემონსტრანტები ფეისბუკს და ტვიტერს პოლიციის ძალადობის ამსახველი ვიდეოების გასავრცელებლად იყენებდნენ, ისე როგორც ეს მოხდა არაბული გაზაფხულის შემთხვევაში, როდესაც სოციალურმა მედიამ დემონსტრაციების ორგანიზების საფუძველი შექმნა.

იამან აკდენიზი სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტია. ის ამბობს, რომ სოციალური მედიის მნიშვნელობა იზრდება, და ამიტომაც, მისი შეზღუდვის მზარდი საფრთხე არსებობს.

იამან აკდენიზი: ადამიანები ახლა უფრო ჩართულნი არიან სოციალურ-მედიაში, რადგან იციან რომ ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს სოციალური მედიის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ. ექსპერტი მზარდ ზეწოლას მოელის, ამდენად ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეეცდება განსხვავებული მოსაზრების პირების დევნაზე მოახდინოს კონცენტრაცია, ხალხის იდენტიფიკაციაზე, და შემდეგ ყველა შეშფოთდება, რადგან მათ არ იციან - იქნებიან თუ არა ისინიც თვალთვალის ქვეშ და დააპატიმრებენ თუ არა მათაც. ბევრი ადამიანი დააკავეს თურქეთის ქალაქებში - იზმირსა და ადანაში.

შაბათს, თურქეთის ტელევიზიით ვიდეო აჩვენეს, სადაც პოლიციის რეიდია ასახული და 22 ადამიანის დაკავება. ტვიტერში გავრცელებული ინფორმაციის გამო ბევრი ადამიანია უკვე დაპატიმრებული.

სტამბოლის ცენტრში მდებარე მოდურ კაფეში მომიტინგეების ჯგუფი ლეპტოპებით და აიპადებით ხელში მომავალ ღონისძიებებზე მსჯელობენ.
დემონსტრაციის ზოგიერთ მონაწილეს უკვე წაუყენეს ბრალი ქვეყანაში ანტი-ტერორისტული და ორგანიზებული დანაშაულის მუხლით. ყველამ იცის იმ მოსალოდნელი რისკების შესახებ, რომელიც ამჟამად არსებობს. ერთ-ერთი დემონსტრანტი ამის შეახებ ამერიკის ხმასთან საუბრობს.

მისი თქმით, ის ნერვიულობს, რომ მისი მეგობრები შეიძლება დააპატიმრონ, და ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს, რომ ისინი მთელი ცხოვრება ციხეში გამოკეტონ. მას პერსონალური დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, მას ბევრი ადამიანის ბედი აწუხებს. როდესაც ქვეყანას აკვირდება, აღარ ნერვიულობს, რადგან ხედავს ხალხის პოზიციას. მისი თქმით. პირველად ხდება, რომ ადამიანები თურქეთში გულწრფელად იბრძვიან დემოკრატიისთვის.

ახლა მიმომხილველები აცხადებენ, რომ ხელისუფლების დევნა, ქუჩებში დაპირისპირების მსგავსად, უკვე კიბერ-სამყაროზეც გავრცელდება.