უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთმა აფრიკის ქვეყნებში 31საელჩო გახსნა
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთი არ მალავს გაღიზიანებას მალიში მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ საფრანგეთის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო.
მალის ჩრდილოეთი დიდი ხანია ისლამისტი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ამ ქვეყნაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თაურეგის ტომის მეომრებმა ქვეყნის ჩრდილოეთი ჩაიგდეს ხელში, რის შედეგად მალი ორ ნაწილად გაიყო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჩუკ უნალის განცხადებით:
“ ჩვენი მიზანია, მალიში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს ამ ქვეყნის ხალხის ინტერესების და სურვილის შესაბამისად, რაც დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ამის გამო, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს.“
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე მიუთითებს, რომელმაც მალიში მხოლოდ აფრიკის კავშირის სამხედრო ოპერაციებს მისცა სანქცია. როგორც თურქი პოლიტოლოგი სემი იდლიზი აცხადებს, აშკარაა პარიზის და ანკარას დაპირისპირება დასავლეთ აფრიკაში. მისი თქმით:
“ეს თურქეთის და საფრანგეთის მეტოქეობას ასახავს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მალიში ინტერვენციის დაწებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიგერში იმყოფებოდა, სადაც არც თუ ისე სახარბიელოდ მოიხსენია ამ რეგიონში გაბატონებული ყოფილი კოლონიების მფლობელი სახელმწიფო. აშკარაა, რომ აფრიკის კონტინენტზე გავლენის მოპოვებისთვის ახალი ბრძოლა გაჩაღდა და თურქეთი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს.“
უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთმა აფრიკის ქვეყნებში 31საელჩო გახსნა. 2010 წელს ანკარამ მალიშიც დააფუძნა დიპლომატიური წარმომადგენლობა. თურქეთმა აფრიკა ეკონომიკური პრიორიტეტების რეგიონად გამოაცხადა. დღეისათვის თურქეთის ექსპორტმა აფრიკის კონტინეტზე 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იანვრის დასაწყისში ბატონი ერდოღანი გაბონს, ნიგერს და სენეგალს ეწვია. მანამდე ის ეთიოპიაში, სუდანსა და სომალიში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთანაც გამართა მოლაპარაკება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჩუკ უნალის განცხადებით, მალიში შექმნილი სიტუაციის გამო ანკარა თავის შეშფოთებას ისლამური ქვეყნების კონფერენციაზეც გამოხატავს, რომელიც ქაიროში გაიმართება.
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მაშინ როდესაც მალის მეზობელი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საფრანგეთის ჯარების ინტერვენციას ქვეყანაში, ანკარას გაუჭირდება მომხრეების მოძებნა ამ რეგიონში. თუმცა, როგორც თურქი ექსპერტი სემი იდლიზი აცხადებს, ისლამურ კონფერენციაზე, ანკარა არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
მისი თქმით, თურქეთი ისლამურ სამყაროში დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ არსებულ უარყოფით განწყობას გამოიყენებს. თურქეთის ამგვარი პოზიცია მისი დასავლელი მეგობრების გაკვირვებას გამოიწვევს, რომლებიც მხარს უჭერენ საფრანგეთის მოქმედებას მალიში. თუმცა თურქეთის მედიას ამასთან დაკავშირებით სამართლიანი კითხვა უჩნდება. რატომ უჭერს დასავლეთი მხარს მალიში ინტერვენციას? სირიაში კი მსგავსი აქციების კატეგორიული წინააღმდეგია.