თურქეთი სამედიცინო დიპლომატიას მიმართავს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

თურქეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კამპანიას აგრძელებს. ახალი კორნავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ანკარამ ათეულობით ქვეყანას უკვე გაუგზავნა სამედიცინო ტვირთი.

"სასოწარკვეთის შემდეგ იმედია, სიბნელის შემდეგ კი მზე ამოვა", წერია წერილში, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების ყველა ყუთშია მოთავსებული. სუფი პოეტის ლექსიდან ეს ნაწყვეტი, როგორც ჩანს, არა მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლას, არამედ თურქეთის დიპლომატიურ მომავალსაც ეხება.

რუსული სარაკეტო სისტემის ყიდვის გამო, რასაც ნატო და მათ შორის, შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა, თურქეთს მოკავშირეებთან ურთიერთობა დაეძაბა. ახლა ჩანს, რომ ანკარა იმედს იტოვებს, რომ პანდემიის დროს შექმნილ კრიზისში დახმარების გაწევით დიპლომატიურ ურთიერთობებსაც მოაგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თავადაც ებრძვის კორონავირუსს და იქ ახლა, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3,700 აჭარბებს, ქვეყანამ მაინც გაუგზავნა დახმარება 61 ქვეყანას. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.