თურქეთში, კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების" პარტია ლიდერობს. თუმცა, ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას გაერთიანებული ძალებით ცდილობს.
„კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში. ასევე, მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც“, - ამბობს დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მკლევარი აიკან ერდემირი.
24 ივნისს დაგეგმილი არჩევნები, პრეზიდენტს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. ქვეყნას 2003 წლიდან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.
არჩევნები დაგეგმილზე წლინახევრით ადრე იმართება. მიმომხილველების თქმით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება ორი მიზეზით გადაწყვიტა, ერთი მხრივ ცდილობდა ოპოზიციის უკან ჩამოტოვებას და არჩევნების იქამდე ჩატარებას, სანამ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი დადგებოდა. „ერდოღანი მიხვდა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა და სურდა მოესწრო და კრიზისის დადგომამდე ჩაეტარებინა არჩევნები. ის ფიქრობდა, რომ ამით ოპოზიციას დაასუსტებდა. თუმცა თურქეთის ოპოზიციამ გასაკვირი გამძლეობა აჩვენა“, - აცხადებს ერდემირი.
პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს საარჩევნო ალიანსში, რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერის მუჰარემ ინჯეს გარშემო ერთიანდებიან. ინჯემ მალევე მოახერხა პოპულარობის მოპოვება, ერთ თვის განმავლობაში პარტიის რეიტინგი 10 პროცენტით გაიზარდა. ინჯე ქარიზმატული ფიგურაა, რომელიც რელიგიური ოჯახიდანაა, თუმცა სეკულარიზმის ერთგულია. ინჯე ერდოღანის მთავარი ოპონენტია.
„ის იალოვაში პატარა სოფლიდანაა, რელიგიური ოჯახიდან. მისი და და დედა თავსაბურავს ატარებენ. ამიტომ ერდოღანისთვის რთულია იმის თქმა, რომ ოპოზიცია ანტი-რელიგიურია“, - ამბობს ერდემირი.
წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანი ლიდერობს. მაგრამ მისი რეიტინგი 50%-ს არ სცდება, რაც ოპოზიციას აძლევს იმედს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ინჯეს და რესპუბლიკური პარტიის წარმატება ნაწილობრივ პრო-ქურთულ პარტიაზეა დამოკიდებული. რესპუბლიკური პარტიისთვის საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიის პარტიის“, HDP-ის ლიდერის სელაჰატინ დემირტაშის მხარდაჭერა გადამწვეტია. სელაჰატინ დემირტაში არჩევნებში მონაწილეობას ციხიდან იღებს. მის პარტიას, გამოკითხვებით 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. საპარლამენტო ბარიერი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 10 პროცენტს შეადგენს. „ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჩემს საკანში ხმების 100 პროცენტი მე მეკუთვნის“, - იხუმრა დემირტაშმა ციხიდან „ტვიტერზე“.
მიმომხილველთა შეფასებით წინასაარჩევნო გარემო სამართლიანი არ არის. მედიის 90%-ს, პრეზიდენტი ერდოღანი და მასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ და ოპოზიციას არ აქვს წვდომა წამყვან არხებზე.
„ბევრი ინდიკატორი აჩვენებს, რომ საარჩევნო გარემო სამართლიანი და თავისუფალი არაა, და ამ პირობებშიც კი ერდოღანს 50% მხარდაჭერა არ აქვს. თუ ის გამარჯვებას მოახერხებს, მნიშვნელოვანია მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამას, როგორც ლეგიტიმურს, და ამ ეტაპზე გამარჯვების ლეგიტიმურობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. საშიშია სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივა“, - ამბობს ლისელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
არჩევნები საგანგებო მდგომარეობის ფონზე გაიმართება, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ 7-ჯერ გააგრძელდა. მიმომხილველთა შეფასებით, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში ის გააძლიერებს კონტროლს არა მხოლოდ აღმასრულებელ, არამედ სასამართლო ხელისუფლებზეც.
„თუ ის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, თურქეთის ისტორიისთვის უპრეცედენტოდ მოახდენს ხელისუფლების კონსოლიდაციას და ქვეყნის შიგნით, დისიდენტების წინააღმდეგ იქნება უფრო ულმობელი“, - ამბობს ერდემირი.
ერდოღანი შიდა და დიასპორის მხარდაჭრის მოსაპოვებლად საგარეო დაპირისპირებას იყენებს. ცოტა ხნის წინ, ის ავსტრიის ლიდერს, მეჩეთის დახურვის შემდეგ, ომით დაემუქრა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ერდოღანს ახლო აღმოსავლეთში ქურთული შენაერთების ირგვლივ ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამის პარალელურად, ანკარა მოსკოვთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს და რუსეთის S-400 საჰაერო სისტემის შესყიდვას გეგმავს. ამ ვითარებაში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩნდება ეჭვი, თუ რამდენად სანდო პარტნიორია თურქეთი. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერდოღანს, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭრა დასჭირდეს და რიტორიკა შეცვალოს.
„საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით, საინტერესოა, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ერდოღანი [თუ ის ხელისუფლებაში დარჩება] და ეკონომიკურ კრიზისთან მოუწევს გამკლავება, შეცვლის თუ არა ის საკუთარ ანტი-დასავლურ რიტორიკას, რომელიც მას არჩევნებში ადგება და რომელმაც თურქეთი შესაძლო სანქციების წინაშე დააყენა“, - ამბობ ჰინცი.
2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. თურქული ლირა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა, შემცირდა უცხოური ინვესტიციები, ინფლაცია 12 პროცენტს შეადგენს და ფასები იზრდება. ამის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ახლად არჩეულ ლიდერს მომავალ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწევს გამკლავება.
„უკანასკნელი 15-16 წლის მანძილზე მოვლენები ნეგატიურად ვითარდება. ვხედავთ პრესის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმის და სასამართლო დამოუკიდებლობის შეზღუდვას. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ როდესაც თურქეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად წავლენ, ისინი არჩევანს გააკეთებენ ისე, თითქოს მათი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ერიკ ედელმანი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე პოლიტიკის საკითხებში.
და მართლაც, თურქი მოქალაქეების პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი კვირის არჩევნებზეა დამოკიდებულია.