ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ექსპერტებმა რუსეთს და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება, ამ კონფრონტაციის ესკალაციის შესაძლებლობები და ასევე ის პერსპექტივები განიხილეს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე.
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში:
რუსეთს სირიაში ბაზების შენარჩუნება, დამასკოს რეჟიმთან და ირანის ხელისუფლებასთან ურთობიერთობები, ამით კი ახლო აღმოსავლეთის პროცესებში გავლენის ხაზგასმა სურს. პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის შიგნით რეიტინგის ზრდა სწადია, რასაც აღწევს კიდეც ქვეყნის გარეთ ძალის დემონსტრირების ხარჯზე. თუ აშშ-ს სირიიდან ბაშარ ასადის წასვლა სურს, მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის. მე ვერ ვხედავ ვაშინგტონის მონდომებას რუსეთი შეაჩეროს სირიის მოვლენებში ჩაურევლობისგან, პირიქით ჩვენ თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთს ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მივცეთ. ამ ეტაპზე, კონფლიქტის ესკალაცია და ექსპანსია სახეზეა გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული გადასახედიდან და ეს დინამიკა შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. მე ვერ დავიჯერებ, რომ მოსკოვს სირიაში იგივე სურს, რაც ჩვენ. აშშ-ი არც ევროპას ეხმარება მიგრანტთა კრიზისის დაძლევაში, რაც პირდაპირი გამოძახილია ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვისაც. აშშ-ს პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ ევროპაში ტერორიზმის გავრცელების საფრთხე მოისპოს და ამისთვის ყველანაირად დავეხმაროთ ევროპას.
თურქეთის ინტერესები ასევე გამოკვეთილია, და ხშირად მისი მიზნები რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა ვაშინგტონმა უნდა აღიაროს, რომ თურქეთი ბევრად ესადაგება მის ინტერესებს, ვიდრე მოსკოვის ქმედებები. და ბოლოს, რჩევის სახით, ვიტყვი: უნდა ვაღიაროთ, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასადის მოსაშორებლად. ზოგადად, ამ პროცესებში პასიურ მხარდაჭერას აქტიური ჩართულობა უნდა ვარჩიოთ, სიტუაცია კი შესაძლოა მხოლოდ ჩვენი მიდგომის ცვლილებით დარეგულირდეს. რაც შეეხება დიპლომატიურ დარეგულირებას, ჯერ ამ პროცესზე აქტიურად არ უნდა ვიმუშაოთ, თავდაპირველად მნიშვნელოვანია ადგილზე გარკვეული წარმატება ვიხილოთ.
ერიკ ედელმანი, აშშ-ის ყოფილი ელჩი თურქეთში და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2003 წლიდან 2011 წლამდე სტაბილურად ვითარდებოდა და უმჯობესდებოდა კიდეც, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება და რასაც, იმავდროულად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის იმ დროს ინტერესთა თანხვედრაც ემატებოდა. მთავარი ფაქტორი აქ იყო ერთობლივი ენერგო ინტერესები. ბოლო ოთხი, ხუთი წელი, კი ედელმანის აზრით, ურთიერთობები უარესდებოდა. მიმდინარე დაპირისპირებამ კულმინაციას გასულ წელს, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით მიაღწია. სირიის საკითხი, კი მისი აზრით, მთავარი ფაქტორია, რამაც ორი მხარე ერთმანეთს დაუპირისპირა. ეს ფაქტი, და დაპირისპირების “ტრაექტორია” ედელმანის მოსაზრებით, ქმნის არა პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის, არამედ კონფლიქტის მიგრაციის შანსს წარმოშობს სირიის თეატრიდან კავკასიაში და შესაძლოა სამხრეთ აზიაშიც კი. ამ უკანასკნელი სცენარის ალბათობას, რუსეთის მიერ სომხეთში სამხედრო გარნიზონების გაზრდა იძლევა, ასევე რუსეთის ძალების გააქტიურება შავ ზღვაში, რაც აშშ-ის მეტ ყურადღებას მოითხოვს, აცხადებს ედელმანი.
ოლგა ოლიკერმა, რომელიც სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლებების ცენტრს წარმოადგენს ვრცლად მიმოიხილა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ისტორიული კონტურები და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დიდი როლი მიუძღოდა სამხრეთ კავკასიაში. ოლიკერს მიაჩნია, რომ ორმხრივი დაპირისპირება ანკარასა და მოსკოვს სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ: მაშინ, როცა თურქეთისთვის ეს დამატებითი თავისტკივილია რეგიონში, რუსეთს დაპირისპირება თურქეთთან, და განსაკუთრებით მის პრეზიდენტს, შესაძლებლობას აძლევს თავი ძლიერ მოთამაშედ წარმოადგინოს ახლო აღმოსავლეთში: “პუტინი ყველა მოქმედებას შესაძლებლობად აღიქვამს და მათ რეალიზაციას ბოლომდე ცდილობს.” ოლიკერის განცხადებით, ეს დაპირისპირება პუტინს აძლევს შესაძლებლობას აშშ-თურქეთის ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს, და სულ ცოტა, ხელი შეუწყოს თურქეთის სანდო პარტნიორობასთან დაკავშირებით ეჭვები წარმოშვას. ექსპერტის აზრით, ამ დინამიკას, თავის მხრივ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოჰყვეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზეც. და თუ ორმხრივი დაპირისპირება გამწვავდა, მას სამხრეთ კავკასიაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირების ნაცვლად, გამწვავება მოჰყვება, თვლის ოლიკერი.
ფრედერიკ სტარი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე აღნიშნული კონფლიქტის გავლენა აშკარაა. მიმდინარე პროცესების გადალახვას, მისი აზრით, აშშ-ის ლიდერობა სჭირდება:
“დღეს ამერიკისთვის იშვიათი შესაძლებლობაა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვა უზრუნვლყოს, ის მთელს კავკასიას გვერდში უნდა დაუდგეს: სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვას განიცდის, საქართველოს აშფოთებს ტერიტორიების დაკარგვა, აზერბაიჯანს კი უნდა შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაიმკვიდრა მსოფლიოში. ყველაფერი ეს ახლა საფრთხის ქვეშაა.”
ექსპერტები თვლიან იმასაც, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მოწყვლად სიტუაციაშია. ამ გარემოებას კი ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდი სუფევს, როცა საზოგადოების ინტერესი მთლიანად გადატანილია ამერიკის შიდა მოვლენებზე.
ფრედერიკ სტარი:
ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს.ფრედერიკ სტარი
“საქართველო ყოველთვის განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია. მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთნა ხდება. ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. ეს განცხადება კი ჩემთვის ნამდვილი გაფრთხილება და სიგნალია. 2008-შიც ასე იყო, ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. დღეს საარჩევნო წელი გვიდგას-ბრიუსელი, ვაშინგტონი, ისე კარგად ვეღარ ახდენს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს.”
სვანტე კორნელი, ცენტრალური-აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი:
თბილისმა დასავლეთს ნათლად უნდა აუხსნას როგორ ხედავს ამერიკის, დასავლეთის მონაწილეობას საქართველოში სტაბილურობის საფრთხოების გასაძლიერებლად.”სვანტე კორნელი
“რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა არასტაბილურობა შესძინა მთელს რეგიონს. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება უშუალო გავლენას ახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, საქართველოსთვის ეს პროცესი უფრო ზოგადი ხასიათისაა. თუმცა არ არის გამორიცხული მოსკოვი დაინტერესდეს, რათა პრობლემები შეუქმნას საქართველოს სატრანზიტო კორიდორს ან მის დასავლურ მისწრაფებებზე იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს, თუმცა ვფიქრობ უფრო ფრთხილად, ვიდრე მანამდე. ასევე ფაქტია, რომ ის დღეს ნაკლებად აქტიურობს ამ მიმართულებით და ფიქრობს, რომ რუსეთის ინფილტრაციისა და პროპაგანდის თავისუფლად შემოტევის განეიტრალებას უფრო მეტი საფასური აქვს, ვიდრე პირიქით. ჩემი აზრით, ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს. თბილისმა, ამასთან, დასავლეთს უფრო ნათლად უნდა აუხსნას როგორ ხედავს ამერიკის, დასავლეთის მონაწილეობას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.”
გიორგი მჭედლიშვილი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი: ვითარება ყოველ ზაფხულს არის დაძაბული და რისკი ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2016 წელი, ისევე როგორც 2008 წელი არის ამერიკის პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წელი, ე.წ. lame duck, როდესაც ის პოლიტიკურად სუსტია და ქვეყანაში მთელი პოლიტიკური დისკურსი გადატანილია არჩევნებზე, ანუ შიდა და არა საგარეო საკითხებზე. ამ ფაქტით რუსეთმა სამწუხაროდ ისარგებლა 2008 წელს. ვერ ვიტყვი რომ ახლა ამის შესაძლებლობა არის ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან. თურქეთთან კოფნლიქტი, რუსეთთს დამატებით ნოყიერ ნიადაგს აძლევს რომ გააძლიეროს თავისი პოზიციები კავკასიაში და კერძოდ საქართველოში.