თურქეთის ნატოდან გამოსვლა გამორიცხული არ არის

პროფესორი ომერ ტაშპინარის თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთს დასავლეთთან ინტეგრაციაში ხელი შეუშალოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების რეზოლუცია მიიღო. მოგეხსენებათ, გაეროს რეზოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრაზილიამ და თურქეთმა ირანთან ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ირანი გამდიდრებულ ურანს თურქეთსა და ბრაზილიაში გაგზავნიდა და მის სანაცვლოდ ბირთბულ საწვავს მიიღებდა.

ამ შეთანხმებას მსოფლიო საზოგადოებაში შერეული გამოხმაურება მოჰყვა - ქვეყნების ნაწილი მიესალმა შეთანხმებას, ნაწილმა კი ის დაგვიანებულად მიიჩნია.

ამერიკის ადმინისტრაცია - მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გარიგების ინიციატივა გასულ ოქტომბერს თავად შესთავაზა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს - თურქეთისა და ბრაზილიის მიერ თეირანთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა და სანქციების გამკაცრების მოთხოვნა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა. რუსეთმა სანქციებს მხარი დაუჭირა, რითაც თურქეთს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოკსოვი დასავლეთის და კერძოდ, ამერიკის მხარესაა.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, პროფესორ ომერ ტაშპინარს ვესაუბრეთ. პროფესორი ტაშპინარის თქმით:

„რაც უფრო მეტად ცდილობს თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ მოქმედებას, მით უფრო მეტად სურს ანკარას მოსკოვთან ახლო სტრატეგიული ურთიერთობის დამყარება.“

რუსეთის მიერ ირანის სანქციების მხარდაჭერა თურქეთისთვის მოულოდნელი იყო. ანკარა იმედოვნებდა, რომ რუსეთი და ჩინეთი სანქციებს დაბლოკავდნენ და ბრაზილია-თურქეთის მიერ ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე დაყრდნობით დიპლომატიური გადაწყვეტილების მოთხოვნას წამოაყენებდნენ უშიშროებს საბჭოზე.

პროფესორი ტაშპინარი რუსეთის მოქმედებას ასე აფასებს:

„სანქციებთან დაკაკავშირებით, რუსეთმა გადაწყვიტა შეერთებული შტაებისთვის დაეჭირა მხარი. ამასთან ერთად, რუსეთმა თურქეთს მიანიშნა, რომ ის დიპლომატიური გამოსავლის მონახვის მომხრეა. კენჭისყრის შემდეგ კი მედვედევმა ირანს მკაფიო მხარდაჭერის სიგნალი გაუგზავნა და განაცხადა, რომ მიუხედავად სანქციების მხარდაჭერისა, რუსეთი არ გამორიცხავს ირანისთვის ეს-300-ი ტიპის რაკეტების მიყიდვას.“

ბატონი ტაშპინარის განცხადებით, რუსეთმა ჭკვიანური დიპლომატირი ტაქტიკა გამოიყენა - ამერიკას სანქციებთან დაკავშირებით გამოუცხადა თანადგომა, თურქეთს ირანთან მოლაპარაკების წარმოებაში დაუჭირა მხარი და ირანს კი დაანახა, რომ რუსეთი მზადაა თეირანთან სამხედრო და სხვა სახის თანამშრომლობა გააგრძელოს. მიუხედავად ამისა, რუსეთ-თურქეთის ურთიერთოაბაში ახალი დინამიკა გამოიკვეთა:

„რუსები თურქეთს დასავლეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელ სტრატეგიულ ბერკეტად აღიქვამენ. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რუსეთი ცდილობს თურქეთის დამოუკიდებლობას ხელი შეუწყოს და მას დასავლეთთან ინტეგრაციის საშუალება არ მისცეს,“ ამბობს პროფესორი ტაშპინარი.

მისივე განცხადებით, თურქეთის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება მჭიდროდაა დაკავშირებული ევრაზიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა დასავლეთსა და თურქეთს შორის, ანკარამ შეიძლება ორიენტაციაც კი შეიცვალოს და აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ აიღოს გეზი:

„მე არ გამიკვირდება თურქეთმა ნატოს სამხედრო ფრთა რომ დატოვოს და მაგალითად შანჰაის თანმშროლმობის ორგანიზაციას შეუერთდეს. ამით თურქეთი ყველას დაანახებს, რომ მას სინამდვილეში არ სჭირდება იყოს დასავლეთის ნაწილი,“ ამბობს ბატონი ტაშპინარი.

თურქი ექსპერტის მიერ აღწერილი ეს სავარაუდო სცენარი ამჟამად შეიძლება ნაკლებად რეალუად ჟღერდეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საფრანგეთის ნატოსთან ურთიერთობის გამოცდილება, როცა პრეზიდენტმა შარლ დეგოლმა საფრანგეთი ნატოდან გამოიყვანა და ამერიკისა და ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკის წარმოება დაიწყო.

ამ მიმართულებით პროგნოზების გაკეთება რთული იქნება, მაგრამ თურქეთის მიერ საფრანგეთის მაგალითის გამეორება ყველაზე მეტად, ალბათ, ანკარას საშინაო პოლიტიკასთან ერთად, რეგიონალურ ძალთა გადანაწილებაზე და დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე იქნება დამოკიდებული.