მოკავშირეების წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთმა S-400-ები მიიღო

თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ნატოს მოკავშირის მიერ რუსული შეიარაღების ყიდვა, რაც ნატოს არსებობის მანძილზე პირველად მოხდა, ალიანსის წევრებს შორის შეშფოთებას აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თურქეთი რუსეთის გავლენის სფეროში ექცეოდეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არაერთხელ მოუწოდა უარი ეთქვა რუსეთთან, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამ კონტრაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი ანკარას სავარაუდო სანქციებით და F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხვით დაემუქრა, რაც თურქეთს რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს მიაყენებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ დათანხმდა ვაშინგტონის მოთხოვნას, უარი ეთქვა რუსულ სარაკეტო სისტემაზე და განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვა ეროვნული სუვერენიტეტის საკითხია.