თურქეთის იუსტიციის სამინისტრო ვადაზე ადრე გაათავისუფლებს 38 ათას პატიმარს, რომლებსაც სასჯელის დასრულებამდე 2 წელზე ნაკლები აქვთ დარჩენილი. ამ გადაწყვეტილების მიზანი ციხეებში ადგილების გათავისუფლებაა ათასობით ახალი პატიმრის მოსათავსებლად, რომლებიც ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არიან ბრალდებული.
იუსტიციის მინისტრმა ბერიკ ბოზდაღმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება “ტვიტერზე” გააკეთა. მისი თქმით, ვადამდელი გათავისუფლება ამნისტია არ არის. არამედ, ის სასჯელის პირობითი მოხსნაა.
15 ივლისს გადატრიალების მცდელობის დროს სულ ცოტა 270 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის მთავრობა პუტჩის მცდელობის ორგანიზებაში ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირ ფეტულა გულენს ადამაშაულებს. მარცხით დამთავრებული გადატრიალების შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 35 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. მათგან დაახლოებით 17 ათასს ბრალი უკვე წაუყენეს და ოფიციალურად დააპატიმრეს. დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ზოგის წინააღმდეგ კი გამოძიება მიმდინარეობს.