ივლისში თურქეთის მთავრობის მიერ ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ასობით ქურთი არასრულწლოვანი, რომლებიც ქურთების მუშათა პარტიის მხარდაჭერის გამო გასამართლებული და დაპატიმრებული იყვნენ, ამნისტირებულ იქნა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი თურქეთის ქურთებით დასახლებულ სამხრეთაღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ქალაქ დიარბაკირიდან იუწყება, გათავისუფლებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს და დახმარებას ითხოვენ.
18 წლის ჰებონ აკაიასთვის დიარბაკირში გახსნილი სამედიცინო ცენტრი თითქმის მეორე სახლი გახდა. იგი 15 წლის იყო, როცა თურქმა სამართალდამცველებმა იგი რამდენიმე მეგობართან ერთად პრო-ქურთული დემონსტრაციის მახლობლად დააკავეს.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი მეგობრების მიყვანას არავითარი აზრი არ ჰქონდა. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ პოლიციელებმა ჰებონი და მისი მეგობრები სასტიკად ცემეს. ჰებონი აღნიშნავს, რომ მას ხსენებული ინციდენტის დავიწყება დღემდე არ შეუძლია.
ჰებონმა სრულწლოვან პატიმართა ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა რადგან იგი თურქეთის ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის თანახმად გაასამართლეს. ჰებონი წელს გაათავისუფლეს და მან მამამისის დაჟინებით დახმარების მისაღებად დიარბაკირში მდებარე ადამიანის უფლებების ფონდს მიაკითხა.
ჰებონ აკაიას მსგავს სოციალური დახმარების მიღების მსურველებს ცენტრში ნევიმ იაკუტ გუნაი ხვდება.
მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში პატიმრობაში ნამყოფი არასრულწლოვანი პირები მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმას უარყოფენ და მათ ჰგონიათ, რომ მათ დახმარება არ სჭირდებათ. მაგრამ მოზარდების სახეებიდან აშკარად ჩანს, რომ მათ დიდი ტრავმა გადაიტანეს. ნავიმ იაკუტ გუნაი თერაპიას უბრალო კითხვებით იწყებს, რასაც შემდგომში ბავშვების ამომწურავი ამბები მოჰყვება.
ადამიანის უფლებების ფონდს შეუძლია მიაკითხოს ნებისმიერმა პირმა, ვინც დამცირება ან წამება გადაიტანა, მაგრამ ამჟამად ამ არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსების უმეტესობა ბავშვებს ხმარდება. ადამიანის უფლებების ფონდის ფუნქციონირება სოციალური დახმარების სფეროს მუშაკების, ფსიქიატრების, ადგილობრივი თავკაცებისა და მშობლების საქმიანობას ეფუძნება.
ფონდში ხშირად შეხვედრები იმართება იმ საკითხების განსახილველად, რომელიც ბავშვთა მზარდი რიცხვის მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება. ფონდის დირექტორი ნეცდეტ იპეკიუზი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას ყველანაირი დახმარება სჭირდება.
იპეკიუზი აღნიშნავს, რომ ფონდს სასწრაფოდ ქურთულად მოლაპარაკე კვალიფიცირებული სოციალური დახმარების მუშაკები და ფსიქიატრები სჭირდება. ბავშვებთან მუშაობისთვის განსკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქურთული კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების ცოდნას. იპეკიუზის თქმით, ეს სამუშაო უაღრესად მნიშვნელოვანია რადგან შედეგი ტრავმირებულ ბავშვთა ოჯახებზეც ვლინდება.
პატიმრობიდან დახსნილ ჰებონს ახლა უნივერსიტეტში ჩარიცხვა სურს. მისი თქმით, იგი ფსიქიატრს აღარ ნახულობს რადგან მან გამოცდებისთვის მომზადება დაიწყო.
მართალია სიტყვა იღბალი ჰებონის შემთხვევაში შეიძლება გამოუსადეგარი იყოს, მას გაუმართლა იმ მხრივ, რომ მან ფსიქიატრიული დახმარება შედარებით ადრე მიიღო. მაგრამ დიარბაკირში მოქმედი ფონდის მსგავს ცენტრებში დახმარებას მხოლოდ ბავშვების შეზღულ რაოდენობას უწევენ, მაშინ როცა ასობით სხვას მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან გამკლავება მარტოდ უხდებათ.