თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა, ამის შესახებ განცხადება დღეს პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.
"ჩვენმა საბურღო გემმა შავ ზღვაში 20 ივლისს 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა მხოლოდ 1 ჭაში. ჩვენი სპეციალისტები შავ ზღვაში ბუნებრივი აირის შესაძლო არსებობის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაოები თურქეთმა საკუთარი ძალებით აწარმოა,"- თქვა დღეს რამდენიმე საათის წინ სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ოფიციალურ თურქეთს მიაჩნია, რომ შავ ზღვაში შესაძლოა დამატებითი მარაგების აღმოჩენაც. ამის გამო, კი ბურღვითი სამუშაოები გაგრძელდება. თურქეთი 2023 წლისთვის გეგმავს, რომ შავი ზღვიდან მიღებული ბუნებრივი აირის წარმოება და გამოყენება დაიწყოს. ჭაბურღილების ნაწილი 2021 წელს განთავსდება.
"ჩვენ დავიწყებთ ამ რესურსით სარგებლობას. თურქეთი შეძლებს ბუნებრივი გაზის ზედაპირზე მიტანას და მას სისტემაში გადაიტანს,"- თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
პრეზიდენტის განცხადებას დარბაზში ოვაციები მოჰყვა.