თურქეთში 10 ყოფილი ადმირალი დააკავეს

დღეს, თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის 100-ზე მეტმა ყოფილმა ოფიცერმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ისინი თურქეთის ისტორიაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებებს მთავრობის ოფიციალურ პირებს უკავშირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება კვირას ქვეყნის მთავარმა პროკურორმა დაიწყო და ის "სახელმწიფო უსაფრთხოების და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მონაწილეებს" ეხება. კიდევ 4 ყოფილი ადმირალი მხოლოდ იმიტომ არ დააკავეს, რომ ისინი ღრმად მოხუცები არიან, აცხადებს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი სააგენტო "ანადოღლუ".

ასევე ნახეთ: ბაიდენი აკრიტიკებს თურქეთის გადაწყვეტილებას სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ

კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ სწორედ ეს 14 ადამიანია ეჭვმიტანილი ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის ორგანიზებაში, რომელსაც თურქეთის 103 გადამდგარი ადმირალი აწერს ხელს. საზღვაო ფლოტის ყოფილი მაღალჩინოსნები განცხადებაში ასევე ამბობენ, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო ხელშეკრულების, რომელიც ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში გადაზიდვებს არეგულირებს.

ეს სრუტეები კრიტიკულ როლს ასრულებს ხმელთაშუა ზღვის შავ ზღვასთან დაკავშირებაში. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აპირებს დატოვოს 1936 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მსოფლიოს სრუტეებში მოძრაობას არეგულირებს.