თურქეთის შეუმდგარი გადატრიალებიდან ერთი წელი გავიდა

თურქეთში ამბოხების მცდელობიდან ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობა ცდილობს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ შარშან, 15 ივლისს თურქეთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა, რომლის უკანაც შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეტულა გულენი იდგა. ერდოღანის ყოფილი მოკავშირე და სასულიერო პირი ბრალდებებს უარყოფს, შეერთებული შტატები კი თურქეთის მიერ მისი ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

თურქეთის ჟანდარმერიის გენერლის, იასარ გულერის თქმით, 15 ივლისის ამბოხების მცდელობა თანამედროვე ტერორიზმის გამოვლინებაა.

“ოპერაცია დადგმული და განხორციელებული იყო ფეტულა გულენის ორგანიზაცია “ფეტოსთან” დაახლოებული ოფიცრების მიერ. "ფეტო" არის რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ებრძვის,” განაცხადა გენერალმა ვაშინგტონში ამბოხების წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ფილადელფიაში მცხოვრებ ფეტულა გულენს და მის მოძრაობას გულერი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ადარებს. „ექსტრემიზმი და ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. ტერორიზმზე საუბრისას ხშირად გვახსენდება დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სირიასა და ერაყში. ტერორიზმი არ არის მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობასთან არიან გაიგივებული. ტერორიზმმა ინსტიტუციური სახე მიიღო და ის გლობალური გახდა. ფეტო საგანმანათლებლო მისიას ამოფარებული ტერორისტული ორგანიზაციაა,“ თქვა გენერალმა.

თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, ჟანდარმერიის ფუნქცია ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა. ამბოხებიდან მალევე, ამ მოტივით, თურქეთის პოლიციამ დაახლოებით 100 000 ადამიანი დააკავა, მათგან დაახლოებით ნახევარს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ამბოხების ჩახშობის შემდეგ თურქეთის მთავრობამ არაპროპორციული სადამსჯელო ზომები გაატარა. საჯარო უწყებებიდან გაათავისუფლეს 100 ათასამდე ადამიანი, აქედან 7 ათასზე მეტი სამხედრო პირი; 50 ათასამდე ადამიანს კრიმინალური ბრალი წაუყენეს; დახურეს ჯამში 150 მედია საშუალება. დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით კი თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

"ეს რთული მოვლენები იყო, მტკივნეული და თურქეთისთვის საზიანო,“ ასე იხსენებს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რიჩარდ უტზენი. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უტზენი ამბობს, რომ მათთვის ვინც თურქეთ-ამერიკის პარტნიორობაზე წლების განმავლობაში მუშაონდა, შარშანდელი მოვლენების ნახვა ძალიან სამწუხარო იყო.

„ეს თურქეთისთვის ტრავმული პერიოდი იყო. თურქეთ ამ ვითარებიდან სტაბილურობის დაკარგვის გარეშე გამოძვრა, მსგავს მოვლენებს ყოველთვის მოყვება ეტაპები, რომლებიც სახელწმიფოსთვის რთული გასავლელია. ასეთ დროს ბალანსის დაცვა ბევრი მთავრობისთვის გამოწვევაა. დიდი გამოწვევაა ბალანსი დემოკრატიული ნორმების შენარჩუნებასა და შიდა უსაფრთხოების დაცვას შორის. ეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მიზნებია, ჩვენ როგორც თურქეთს მეგობრები, მათ ვეუბნებით, იმუშავეთ მეტი, გააკეთეთ მეტი, თურქეთს ამის გაგება ყოველთვის არ სიამოვნებს, მაგრამ ამას ვეუბნებით როგორც მეგობრები და პარტნიორები,“ ამბობს უტზენი.

თურქეთი დღემდე ითხოვს ფეტულა გულენის და მის ორგანიზაციასთან, მათ შორის, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების თურქეთში ექსტრადიციას.

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, თურქეთის საპატიმროებში ამბოხების შემდეგ დაკავებულ ადამიანებზე ძალადობის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ექსტრადიცია ამერიკის სისტემაში ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი როლი იმის უზრუნველყოფაში თუ რა მოხდება ან რა არ მოხდება თურქეთის ციხეებში. ჩვენ ვცდილობთ თურქეთს გავაგებინოთ, რომ ჩვენთვის, პარტნიორობისთვის, მნიშნელოვანია სამართლიანობის პრინციპების დაცვა ეს ეხება როგორც ციხეებს, ასევე სხვა სფეროებს,“ ამბობს უტზენი.

ამბოხების მცდელობის შემდეგ დაპატიმრებულების თემას ეხმაურება ჰელსინკის კომისია სპეციალურ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, გაათავისუფლოს სინდიისის პატიმრები და უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი დაკავებულებისთვის,“ ვკითხულობთ ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ რიჩარდ ვიკერის განცხადებაში.