თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთულ შენაერთებზე იერიში მიიტანა

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქურთული შენაერთების წინააღმდეგ, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, შეტევა დაიწყო. ქურთული შენაერთები სირიაში ტერორისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მთავარი მოკავშირეები არიან. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოპერაციის „მშვიდობის გაზაფხული“ დასაწყისი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის წინააღმდეგ „ტერორიზმის საფრთხის“ აღმოფხვრაა.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელსაც ქურთული შენაერთები უდგანან სათავეში, განაცხადეს, რომ თურქეთი თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე ახორციელებს და მოსახლეობაში პანიკას ქმნის.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ანკარა დიდი ხანია გეგმავს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამერიკის შეარაღებული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას დატოვებნენ. ამერიკის გასვლამ ანკარას, ოპერაციის განსახორციელებლად გზა გაუხსნა.

პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი გადაწვეტილება დაიცვა და განაცხადა, რომ „სულელური დაუსრულებელი ომები სრულდება“. ოთხშაბათს, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" თქვა, რომ „შეერთებული შტატები არასდროს არ უნდა ყოფილი ახლო აღმოსავლეთში“ და რომ თურქეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებზე, რომლებიც ტყვეობაში არიან.

პრეზიდენტის გადაწვეტილება კონგრესში, დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა, მკაცრად გააკრიტიკეს. მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიატოვოს სირიელი ქურთები, რომლებიც აშშ-ს მხარეს იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ქურთულმა შენაერთებმა ამერიკის გადაწვეტილება ღალატად შეაფასეს.

„სამწუხაროდ, თურქეთმა ცალმხრივად მოქმედების გადაწვეტილება მიიღო“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან რატმა.

ამერიკის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მყოფი, ამერიკის სამხედრო სპეცდანაყოფის 50 წევრი ადგილიდან გაიყვანეს და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.