თურქეთი აცხადებს, რომ სამი სირიელის ცხედარზე ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით დასტურდება, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ქიმიური იარაღი იყო.
ისინი მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც სამკურნალოდ თურქეთში ჩავიდნენ. სირიის ქალაქ ხან შეიხუნში სამშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ თურქეთში სამკურნალოდ 30-ზე მეტი სირიელი გადავიდა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზგადის განცხადებით, ცხედრების გამოკვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ადანაში ოთხშაბათს ჩაატარეს.
ხან შეიხუნში მომხდარი თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაშავდა, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მთავარი მოკავშირის რუსეთის ქმედებები მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომხდარს მან არაჰუმანური და "შეუწყნარებელი" უწოდა.