ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში არ დაუშვა

თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს. მას გასულ წელს, თურქეთში მომხდარი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ მიტინგზე დასწრება სურდა.

ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი თომას შნოლი ადასტურებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების მიხედვით, მიტინგი ძალიან მასშტაბურია და მასზე თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლის საჯარო გამოჩენა “საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ავსტრიის უსაფრთხოებას”.

მომხდარს წინ უძღოდა ჰოლანდიის მთავრობის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ქვეყნის კარი ღია არ არის თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილისთვის. გასულ კვირას გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს თურქებისადმი მიმართვის გაკეთებაზე გერმანიამაც უარი უთხრა.