ქალთა პროტესტი სტამბოლში

სტამბოლში პრემიერ მინისტრის ოფისის წინ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა. ისინი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ აბორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ. ცოტა ხნის წინ ერდოღანი საკუთარი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და აბორტის წინააღმდეგ მკაცრი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, არავის უნდა შეეძლოს აბორტის ნებრათვის გაცემა. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვს როდის მოკლავ დაბადების შემდეგ თუ დედის მუცელში. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ.

თურქეთში აბორტის გაკეთება კანონით ნებადართულია ორსულობის პირველი 10 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, პროცედურაზე ნებართვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებით გაიცემა. გათხოვილმა ქალმა კლინიკაში ქმრის ნებართვა უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკის მიერ პროცედურის ჩატარება არაკანონიერად ითვლება. ქმრის ნებართვის გარეშე აბორტის გაკეთება მხოლოდ მაშინ არ არის უკანონო, როცა ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

ერდოღანს ყველა სახის აბორტის აკრძალვა სურს, რომელიც დედის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. გარდა ამისა, მისი ინიციატივით, უნდა დადგინდეს სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე აბორტების გაკეთების ვადა, რომელიც ნაყოფის ჩასახვიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება.

პრემიერ მინისტრმა საკეისრო მშობიარობის აკრძალვაზეც ისაუბრა. ამ ოპერაციაზე მან თქვა, რომ „ის არაფერია გარდა პროცედურისა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ზრდას მნიშვნელოვნად ანელებს.“ ეს განცხადება კი იმით დაასაბუთა, რომ ქალებს, რომლებსაც საკეისრო ოპერაციით ჰყავთ გაჩენილი ბავშვები, მხოლოდ ორი შვილის ყოლა შეუძლიათ.

თურქეთის ქალთა უფლებების ორგანიზაციის წარმომადგენელი პინარ ილკარაჩანი ამბობს, რომ ერდოღანის ეს განცხადება ქალების უფლებებს მნიშვნელოვნი საფრთხის წინაშე აყენებს:

„ისინი ფიქრობენ კანონი ისე შეცვალონ, რომ პროცედურის ჩატარება მხოლოდ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში იყოს შესაძლებელი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ეს ოთხი კვირა სასაცილო ვადაა. მოგეხსენებათ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ორდსულადაა. პროცედურის აკრძალვა კი გამოიწვევს იმას, რომ კლინიკები ფარულად დაიწყებენ მუშაობას და მათი კონტროლი შეუძლებელი გახდება. თუ აბორტი არაკანონიერი პროცედურა გახდა, მისი გაკეთება ისეთ ადგილებში და ისეთი მეთოდებით დაიწყება, რომლებიც ქალის ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს შეუქმნის და მათ გამო ათასობით ქალი დაიღუპება ყოველ წელს.“

თურქეთში არსებული კანონი აბორტის შესახებ 1983 წელს ქვეყნის სამხედრო მმართველობამ მიიღო. ეს არაკანონიერ პროცედურებზე გამოხმაურება იყო, რომელთა გამოც თურქეთში ათასობით ქალი კვდებოდა ყოველ წელს. დღევანდელი მონაცემებით 2009 დან 2011 წლამდე აბორდეტბის რაოდენობამ 60 ათასიდან 70 ათასამდე მოიმატა.

სტამბოლის ქუჩებში ქალები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.

„მან ეს გადაწყვეტილება ქალებს და ექიმებს უნდა მიანდოს. ამ საკითხზე ფიქრი პრემიერ მინისტრის საქმე არ არის. მას უბრალოდ საზოგადოების შეცვლა უნდა. ერთის მხრივ, შეიძლება ის მართალი იყოს იმაში, რომ აბორტი ბავშვის მკვლელობაა. მაგრამ მეორეს მხრივ უამრავი ახალგაზრდა ქალი იკლავს თავს იმის გამო, რომ აბორტს ვერ იკეთებს.“

გაზეთი "ტარაფის" რედაქტორი იასმინ კონგარი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრის პოზიცია მისი პარტიის მხარდამჭერი ისლამისტი ამომრჩევლის სიმპატიის მოსაპოვებლადაა მიმართული. მას ძალიან აღელვებს ერდოღანის ზოგადი პოლიტიკა და ის, თუ რა გავლენა ექნება მის გადაწყვეტილებებს თურქეთის მომავალზე:

„ის აბორტის თემას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს და გეგმავს, რომ მისი წამოჭრით არჩევნებში მეტ ხმებს მიიღებს. ამ საკითხს ერდოღანი გამყოფ ხაზად ხედავს რელიგიურ მუსლიმებსა და სეკულარულ ქალებს შორის. მაგრამ, ჩემი აზრით, ის დაპირისპირების ახალ მიზეზებს ქმნის და არაჯანსაღი პრაქტიკის შექმნას უწყობს ხელს. ქვეყანაში, სადაც აბორტი აკრძალულია, ამ პროცედურების რაოდენობა არ კლებულობს - იქ უბრალოდ ქალების სიკვდილიანობა მატულობს.“

ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფები და ოპოზიცია აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერ რეფორმას წინააღმდეგობას გაუწევენ. თუმცა, გასათავალისწინებელია ის, რომ ერდოღანს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ნებიმისერ რეფორმას შედარებით უმტკივნეულოდ გაატარებს. აბორტის კანონის შეცვლის ოპონენტები კი ამბობენ, რომ ეს დავა ისედაც დაქსაქსული საზოგადოების უფრო მეტად პოლარიზებას გამოიწვევს.