თვით-ჩამოყალიბებული უძრავი ქონების ინვესტორი, გარიგების ოსტატი, წარმატებული ბიზნესმენი, 80-იან და 90-იან წლებში დონალდ ტრამპს ასეთი სახით წარმოაჩენდნენ.
„ეს რაღაც ძალიან, ძალიან განსაკუთრებული იქნება.“
მაგრამ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიხედვით, 1985-დან 1994 წლამდე, ტრამპის ბიზნესებს 1.2 მილიარდი დოლარის ზარალი ჰქონდათ, ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ამერიკელ გადასახადის გადამხდელს, რამაც მას საშუალება მისცა იმ ათი წლიდან რვა წლის განმავლობაში, ფედერალური გადასახადი არ გადაეხადა.
ამერიკის ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საკუთარი საგადასახადო დეკლარაციების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს.
„ალბათ მის დეკლარაციებს შეუძლია ჩვენება, რომ ის იმდენად მდიდარი არ არის, როგორც თავს წარმოგვიდგენს. ეს ძირს უთხრის მის მთავარ არგუმენტებს, რომელსაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს იყენებდა,"-ამბობს ეკონომიკის ექსპერტი რუდი მერბანი.
ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებს დიდი ხანია ითხოვენ, რათა ნახონ: უცხოურ ბიზნესებთან გარიგებების დროს, ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი ან საგადასახადო თაღლითობა და ისარგებლა თუ არა მან 2017 წელს გატარებული საგადასახადო რეფორმით.
ტრამპი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს და მზად არის დავა სასამართლოში გააგრძელოს.
მისი განცხადებით, „მათ სურთ იცოდნენ ყველა გარიგების შესახებ, რომელიც ოდესმე მქონია. ვფიქრობ მალერმა, 35 მილიონ დოლარად, შეამოწმა ჩემი გადასახადები, ფინანსები - რომელიც, სხვათა შორის დიდებულ მდგომარეობაშია, იცით... დიდებულადაა. მხოლოდ ის გჭირდება, რომ წახვიდე და საბუთები ნახო.“
გასულ ოთხშაბათს ახალი ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. წარმომადგენელთ პალატის დემოკრატები ტრამპის მთავარი პროკურორის, უილიამ ბარის წინააღმდეგ, კონგრესისადმი უპატივცემულობის ბრალდების წასაყენებლად ემზადებიან. მიზეზი, 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის და პრეზიდენტის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის შესაძლო ხელშეშლის საკითხზე რობერტ მალერის ანგარიშის არარედაქტირებული ვერსიის გადაცემაზე უარის თქმაა.
კონგრესმენი ნადლერი: „ახლა უკვე იქ ვართ, ჩვენ ახლა საკონსტიტუციო კრიზისში ვართ.“
თეთრმა სახლმა კენჭისყრა საპრეზიდენტო პრივილეგიის გამოყენებით დაბლოკა. ეს არის პრეზიდენტის უფლება, კონგრესის დემოკრატების მიერ გაცემული სავალდებულო მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება არ დაუშვას. ეს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ორ შტოს შორის კიდევ ერთი გაჭიანურებული იურიდიული ომისკენ წაგვიყვანს.
მიმომხილველი ტომ ბელთი ფიქრობს, რომ „ყოველთვის, როდესაც ასეთი რამ ხდება, მთავრობისადმი ნდობა მცირდება. ხალხი ხედავს, რომ მთავრობა შიდა ბრძოლითაა დაკავებული იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის რამე გააკეთოს. შესაძლოა ამან გარკვეული შანსები მისცეს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებსაც შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოჩენა სურთ.“
კონგრესის სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ტრამპის უარებმა, მისი იმპიჩმენტის მოწოდებები გაამრავლა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, პრეზიდენტს ბრალი დასდო, რომ ის დემოკრატებს „აქეზებს“ მისი იმპიჩმენტი დაიწყონ, რათა მან საკუთარი მხარდამჭერების რიგების განმტკიცება შეძლოს.