ყოფიერების აუტანელი სიმძიმე შეუქცევადად რჩება კონფლიქტის ზონაში. ხელოვნურად გაყოფილი სოფლები და ძალისმიერად ერთმანეთს დაცილებული ადამიანები წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ტერორში ცხოვრობენ. მორიგი ადამიანური ტრაგედია ხურვალეთში, მავთულხლართებით გაყოფილ სოფელში 19 ნოემბერს დატრიალდა, როცა იძულებით შინაპატიმრობაში მყოფმა მალხაზ ვანიშვნილმა სირთულეებისგან გაქცევა სცადა და მედიკამენტები ზედოზირებით მიიღო. მართალია, დროული რეაგირების წყალობით ეს ინციდენტი ლეტალურად არ დასრულებულა და იგი ახლა უკვე სახლში იმყოფება, მაგრამ ის მწარე რეალობა, რისგან თავის დაღწევის სურვილიც მას ჰქონდა, არსად წასულა.
მალხაზ ვანიშვნილი, 20 იანვარს, დღის ხუთის ნახევრისთვის უკვე სახლში მიიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოდან, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და გადაარჩინეს. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ მის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის გზას ვერ ხედავს.
მალხაზ ვანიშვნილი ხურვალეთის მავთულხლართით გაღობვრისას, ეგრეთ წოდებულ საზღვარს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვნილის ოჯახის წევრია. მოხუცი 88 წელს ითვლის და სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მას არ აღიარებს და ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა. 2020 წლის ნოემბერი და დეკემბერი დათა ვანიშვნილისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ის ავად გახდა და ლოგინს მიეჯაჭვა. რუსული საოკუპაციო პოლიტიკისთვის ლოგინს მიჯაჭვული მოხუცი, ვისაც მოვლა სჭირდება, ჰუმანიტარული საკითხების კატეგორიში არ განიხილება.
რუსმა მესაზღვრეებმა მორიგად, 9 დეკემბერს დააკავეს მალხაზ ვანიშვნილი და მისი მეუღლე თათია ადიკაშვილი, სწორედ იმ დროს, როდესაც მისი პაპა უკიდურესად საჭიროებდა სახლში დამხმარეს. მალხაზი ორი კვირა ამყოფეს ჯერ ეგრეთ წოდებულ კარანტინში, შემდეგ - ცხინვალის საპატიმროში, მისი მეუღლე კი ეგრეთ წოდებული „დეპორტით“ საქართველოს კონტროლირებულ მხარეს გამოგზავნეს. იმ დროისთვის ის ფეხმძიმობის 8 თვეს ითვლიდა.
Your browser doesn’t support HTML5
დეკემბერში დე-ფაქტო რეჟიმმა მალხაზ ვანიშვნილს ეგრეთ წოდებული პირობითი ორთვიანი ვადა მისცა, რის შემდგომაც, მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ამ ხნის მანძილზე მას უფლება არ აქვს სახლი მიატოვოს, ამასთანავე, ყოველკვირეულად, ვალდებულია გამოცხადდეს ცხინვალში, რითაც დაფიქსირდება, რომ ის დაკისრებულ პირობას ასრულებს.
„მე ვერ გავძლებ ჩემი ცოლის გარეშე, ვერც ბავშვის გარეშე გავუძლებ ცხოვრებას, რომელიც უნდა გამიჩნდეს იანვარში. რა ვქნა, რა გავაკეთო. მეუბნებიან, თუ წახვალ სადმე, დაგიჭერთო. სრულიად უძლური ვარ. რომ გადავიპარო კიდევ საქართველოს კონტროლირებულ მხარეს და აქეთ, ბებიაჩემს და პაპაჩემს რაღაც დასჭირდეთ, რა ვქნა მაშინ? თუ ისევ აქ დამინახეს კიდევ დამაკავებენ და ციხე არ ამცდება,“- გვეუბნება მალხაზ ვანიშვნილი.
მავთულხლართებს მიღმა გადასვლის უფლება არც მის ცოლს აქვს და არც მას. ცოლ-ქამარი იძულებულია ერთმანეთისგან მოშორებით იცხოვროს. მალხაზ ვანიშვნილისთვის ეს უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა და როგორც თვითონ ამბობს, მასთან გამკლავება არ შეუძლია. იმ აზრთან შეგუებას, რომ ის იძულებულია ცოლისა და შვილის გარეშე იცხოვროს, ვერ ახერხებს. ამ უმძიმესი ვითარებიდან თავის დაღწევა მან წამლების ზედოზირებით მიღებით სცადა.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ტრაგიკული ამბის შემსწრე აღმოჩნდა მისი ბებია, ვალია ვანიშვნილი. „რაც მე მახოზე ვიტირე, ამდენი არ მიტირია მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა,“- გვითხრა ბებიამ, რომელიც ასევე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვანიშვნილების სახლის სიახლოვეს, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების არც ერთი ობიექტი არაა. გარდა ამისა, ბებიამ არც საგანგებო მდგომარეობისას საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შესახებ იცოდა და არც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლო თავად. მართალია, საქართველოს პოლიციის თანამშრომლები მავთულხლართთან მივიდნენ, მაგრამ მათ დათა პაპას სახლთან მიახლოვებისა და დახმარების შესაძლებლობა არ ჰქონიათ. საბედნიეროდ, ცხელი ხაზის ამუშავება დროულად მოხერხდა და სასწრაფო დამხარების მანქანამ ცხინვალიდან ჩააღწია ხურვალეთში.
„სანამ სასწრაფო მოვიდა, მახო აზრზე ვერ მოდიოდა, აღარ ლაპარაკობდა, როგორც ცოცხალი მკვდარი, ისე იყო,“- გვითხრა ბებიამ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეორე დღეს სახლში მიუყვანეს შვილიშვილი. მახო სიკვდილს გადარჩა, თუმცა ის რეალობა, რისგან გაქცევასაც ის ცდილობდა, არ შეცვლილა.
ურთიერთობის პლატფორმა, სადაც კონფლიქტის შედეგად დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან ორგანაა: ჟენევასა და ერგნეთში. ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებზე შეხვედრას დრო განცალკევებულად ეთმობა. თავის მხრივ, საინტერესო და ამბიციური სახელწოდება აქვს მოლაპარაკებების ფორმატს ერგნეთში: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მსჯელობენ, როგორც ჰუმანიტარულ, ისე, ადგილობრივი მცხოვრებელების საჭიროებების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობის ეს პლატფორმების ისეთივე ძველია, როგორც დათა ვანიშვნილის სახლის წინ გავლებული მავთულხლართი, ვერაფრით მოხერხდა ამ ერთი კონკრეტული მოხუცის ოჯახის პრობლემის მოგვარება.
მალხაზ ვანიშვნილი ამ კონფლიქტის კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლის სახეა. მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა მუდმივად დაპატიმრების შიშის ქვეშ ცხოვრობს. ოკუპაციის გამო კი ოჯახური ცხოვრების უფლებაც წართმეული აქვს. ოკუპაცია კლავს - გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ეს სიტყვები რომ მხოლოდ ლოზუნგი ყოფილიყო.