ახალი რუსული საგუშაგოები ოკუპაციის ხაზთან

ცხინვალი აქტივისტის წინააღმდეგ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ბორდერიზაციის ახალი ლოკაციებისა და საგუშაგოების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ისინი, უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებულ ოკუპაციის ხაზთან რუსი მესაზღვრეების გახშირებული აქტივობებს აფიქსირებენ.

რა შეიძლება იყოს გახშირებული აქტივობის მიზეზი, ამ დრომდე რთული სათქმელია, თუმცა ის, რომ ინფორმაცია უტყუარია, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ რუსულ და ოსურ მხარესთან „განსაკუთრებით მკაცრად დააყენეს ბორდერიზაციის საკითხი“. ანთაძემ დაასახელა რაოდენობაც კი, ესაა 9 ლოკაცია, სადაც ბორდერიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს შიდა ქართლში.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებს შორის (23 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე) დაფიქსირდა ბორდერიზაციის 9 შემთხვევა. მათ შორისაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან ფაქტები. ჩვენ ამ საკითხებს მკაცრად დავაყენებთ შეხვედრებზე“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მას არ დაუკონკრეტებია დანარჩენი შვიდი ლოკაციის თაობაზე, თუ სად მდებარეობს ადგილები და რა ვითარებაშია იქ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" აღჭურვილია ვიდეო და ფოტო გადაღების კამერებითა და დრონით. მათ მიერ მოპოვებული მასალით დასტურდება ახალი საგუშაოების მშენებლობა. ისეთის, რომელზეც მწვანე საღებავი ჯერაც შეუმშრალია. აღსანიშნია თავად საგუშაგოების მოწყობის ახალი ფორმა. ამჯერად, მათ სიახლოვეს გათვალისწინებული და აშენებულია სხვადასხვა დამცავი ნაგებობები. ძალა ერთობაშია საუბრობს სპეციალიზირებული მანქანის სადგომის დამონტაჟებაზეც. „ესაა ეგრეთ წოდებული „ოკაპი“, ელექტრონული სადაზვერვო საბრძოლო მანქანა, რომელსაც, იმისთვის, რომ იმუშაოს, სჭირდება სპეციალიზირებული სადგომი. ის უნდა იდგეს აუცილებლად გარკვეული კუთხით. ამიტომაც, რუსები აშენებენ ასეთ ნაგებობებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსებს სამი ასეთი მანქანა აქვთ“, - გვეუბნება დავით ქაცარავა და საკუთარი ტელეფონით გადაღებულ უახლეს კადრებს გვიჩვენებს. მის მიერ დაფიქსირებულ მომენტში, მანქანის სადგომის მშენებლობა ჯერ დასრულებული არაა. ვიდეოში ჩანს მხოლოდ ჩარჩოები, რომელზეც შემდეგ კედლები უნდა მიშენდეს. ამ მანქანით რუსებს შეუძლიათ არა მხოლოდ რადიო სიხშირეების ჩახშობა ან მართვა, არამედ მობილურ კომუნიკაციებზე მიყურადება. მათ შორის, პოლიციის მოსმენა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოს უკავშირდება, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბია. მისი დაცულობის საკითხის თაობაზე ბევრი კითხვის ნიშანია. მონაკვეთი, მაგალითად, ხურვალეთის მიმდებარედ განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს ადგილი იმდენად ახლოსაა რუსულ საგუშაგოებთან, რომ არა მხოლოდ მისი დანახვაა შესაძლებელი შეუაიარაღებელი თვალით, არამედ, ამ ადგილას ოსურენოვანი რადიომაუწყებლობის მოსმენაცაა შესაძლებელი. საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლობები ამ ადგილას ჩახშულია. ამდენად, ხურვალეთთან, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ავტომანქანით მგზავრობისას რუსული და ოსური მედიები ისმინება.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ანთაძე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი

დავით ქაცარავას გუნდის მიერ დაფიქსირებული „ოკაპი“ საკორინთლოს თავზე იქნება განთავსებული. „ეს დამონტაჟდა უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვპატრულირებთ საკორინთლოსთან და ბოლოს, როცა აქ ვიყავით, მსგავი ჯერ კიდევ არაფერი იდგა. ასევე, ატოცი-კნოლევის მონაკვეთზე აღმართეს სამი ახალი საგუშაგო,“- გვეუბნება დავით ქაცარავა და დასძენს, რომ ასეთი აქტივობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ დაუფიქსირებიათ. „მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში რუსებმა აღმართეს სამი ახალი საგუშაგო“.

ახალი საგუშაგოების განთავსების საკითხი ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საკმაოდ პრობლემატურია. ამ დრომდე უცნობია იმის თაობაზე, თუ გამოიღო შედეგი ოდესმე ქართული მხარის „მკაცრმა პროტესტმა“ და რომელიმე რუსული საგუშაოს აღება მოხერხდა.

ცნობილია ის, რომ რუსული მხარე განსაკუთრებით აპროტესტებს ერთი ქართული საგუშაგოს მშენებლობის ფაქტს, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან, ხაშურის მუნიციპალიტეტში განთავსდა 2019 წლის აგვისტოში. ესაა საპოლიციო პოსტი, რომელიც დაიდგა საქართველოს მიერ ისედაც კონტროლირებულ სივრცეში. მიუხედავად ამისა, რუსულმა მხარემ, თავდაპირველად, ეს იმდენად ტრაგიკულად მიიღო, რომ ჯერ ულტიმატუმი წამოაყენა და პოსტის აუღებლობის შემთხვევაში „ყველა შესაძლო გზით პასუხის გაცემის თაობაზე“ ისაუბრა, შემდეგ კი თითქმის მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩაშალა შეხვედრები ერგნეთში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

„ძალა ერთობაშია“ პატრულირებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს და საზოგადოებას აწვდის ცნობებს ბორდერიზაციისა და რუსების მიერ შეღობილი ახალი ტერიტორიებისა თუ ახალი საგუშაგოების თაობაზე.