შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს, მეუღლესთან ერთად პიტსბურგში მიემგზავრება. დონალდ და მელანია ტრამპები პატივს მიაგებენ 11 ებრაელის ხსოვნას, რომლებიც პენსილვანიის სინაგოგაში "სიცოცხლის ხე", მომხდარ ანტისემიტურ თავდასხმას შეეწირნენ.
ებრაელი ლიდერების ნაწილი მოითხოვს, რომ სამძიმრამდე პრეზიდენტმა გამოკვეთილად დაგმოს არამარტო გასულ კვირას მომხდარი მასობრივი ანტისემიტური მკვლელობა, არამედ სიძულვილის ენა, რომელიც თეთრკანიანი ნაციონალისტი ამერიკელებისგან ისმის. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი პენსილვანიის ისტორიულ ქალაქში "ამერიკელი ხალხის მხარდასაჭერად და პიტსბურგის საზოგადოებასთან ერთად გლოვისთვის" ჩადის.