დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე
მარკო რუბიო, ფლორიდის სენატორი (მარჯვნივ) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. 53 წლის რუბიო ჩინეთის, კუბისა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი გამოსვლებით გამოირჩევა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დაზვერვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეა.
ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტზე დაასახელეს. 44 წლის ომის ვეტერანი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის რეზერვისტიცაა. პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მეტ გაეცი ნომინიტრებულია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე. 5 ნოემბერს მეტ გაეცი ფლორიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი 13 ნოემბერს, პოსტიდან მოულოდნელად გადადგა.
ერაყის ომის ვეტერანი ტულსი გაბარდი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაიდან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დაასახელეს. 43 წლის გაბარდი წარსულში დემოკრატი იყო და 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2022 წელს მან პარტია დატოვა და რესპუბლიკელი გახდა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნად ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კრისტი ნოემი წარადგინა. ცნობილი კონსერვატორი ლიდერი ორი ვადის განმავლობაში სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი იყო. ვარაუდობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 52 წლის ნოემი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას შეეცდება.
59 წლის ჯონ რატკლიფი დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე დაასახელა. ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს, ბოლოს წელს, ვიდრე ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თეთრ სახლს დატოვებდა, რატკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობდა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილია უმცროსი რობერტ კენედი. ის ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია. კენედი ჯერ დემოკრატი იყო და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, შემდეგ ის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, ბოლოს კი რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.
თავადაც ვეტერანი დაგ კოლინსი, ჯორჯიის რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტის რანგიანი წევრი, სენატში დამტკიცების შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგება ამერიკელ ვეტერანთა მომსახურების დეპარტამენტს.
ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია.
კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.
სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო.
სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს.
თეთრი სახლის მჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი იქნება. რესპუბლიკელი კანონმდებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სენატში დამტკიცების გარეშე გადაინაცვლებს. უოლცს წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, მან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ბოლოს პოლკოვნიკის რანგში იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საბრძოლო ჯილდოც მოიპოვა.
27 წლის კეროლინ ლევიტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, ორიოდ თვეში კი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. ლევიტი ამ პოსტზე შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.
ისრაელის ელჩის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელი მაიკ ჰაკაბი წარადგინა. ჰაკაბი წარსულში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას ორჯერ შეეცადა, 2008 და 2016 წლებში. მანამდე კი ის არკანზასის შტატის 44-ე გუბერნატორი იყო, 1996-დან 2007-მდე.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე დონალდ ტრამპმა ელის სტეფანიკის კანდიდატურა დაასახელა. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ნიუ-იორკის შტატიდან. 40 წლის სტეფანიკი კანონმდებლად პირველად 10 წლის წინ, 2014 წელს აირჩიეს.