რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მერყევი შტატი - ჩრდილოეთ კაროლინა - მოიგო. ეს გამარჯვება პრეზიდენტის პოსტზე მისი არჩევის შანსებს განამტკიცებს და მისი ოპონენტის, დემოკრატი კამალა ჰარისის შანსებს ამცირებს. თუმცა, დრამატული ცვლილებები ჯერ გამორიცხული არ არის.
ამ ეტაპზე ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ელექტორთა 230 ხმა აქვს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კი - 205. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის მოპოვება სჭირდება. ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. შეერთებულ შტატებში ზოგან საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილია.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ გადამწყვეტ შტატებში კანდიდატთა შედეგებმა სულ ცოტა საათები, ან შესაძლოა, დღეების განმავლობაშიც კი დააგვიანოს. გადამწყვეტ შტატებს შორის წელს ასახელებენ შემდეგ მერყევ შტატებს: ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს ამ შტატებში თანაბარი რეიტინგები აქვს.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს.
47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 34 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.