პოკაჰონტესი - ისტორიიდან და პოპკულტურიდან პოლიტიკაში

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამს და დემოკრატ სენატორ ელიზაბეტ უორენს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დღეს ისევ განახლდა. არ არის გამორიცხული, სენატორმა უორენმა 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს და ტრამპს ოპონირება მთავარ არჩევნებზე თავად გაუწიოს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს უორენის სავარაუდო აბორიგენულ წარმოშობაზე მიანიშნა და მას პოკაჰონტესი უწოდა. პოკაჰონტესი ამერიკის კოლონიურ წარსულში, ვირჯინიაში მცხოვრებ ინდიელ ტომთა ერთ-ერთი ბელადის ასული იყო, რომელმაც გადმოცემის თანახმად, ბრიტანელი ტყვე სიკვდილით დასჯას გადაარჩინა. პოკაჰონტესი მოგვიანებით რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი, მათ შორის დისნეის ცნობილი ანიმაციური ფილმის პოპულარული გმირი გახდა.

ტრამპმა უორენის ინდიელობა წელსაც ახსენა და განაცხადა, რომ მილიონ დოლარს გადაურიცხავდა სენატორის მიერ შერჩეულ ფონდს, თუ ის დაამტკიცებდა, რომ ნამდვილად ინდიელთა შთამომავალი იყო. ორშაბათს, უორენმა თავისი გენეტიკური ტესტის პასუხი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მას 1/64-დან 1/1024-მდე შანსი აქვს, რომ ამერიკელ ინდიელთა შთამომავალი იყოს.

სენატორმა უორენმა ტრამპს მოსთხოვა, დაპირებისამებრ, მილიონი დოლარი აბორიგენ ქალთა რესურსების ცენტრისთვის გადაერიცხა. მაგრამ, დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში, პრეზიდენტმა ჯერ დაპირების არსებობა უარყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ ფულს გადარიცხავდა, თუკი უორენის ინდიელობის შემოწმების საშუალება “პირადად” მიეცემოდა.

ელიზაბეტ უორენმა პასუხად თქვა, რომ ტრამპის დაპირება ნამდვილია და მას ტელევიზიით მილიონობით ადამიანი უყურებდა. “დღეს თქვენ ერთი ნაბიჯი წააგეთ და 21 დღეში კონგრესს წააგებთ” - განაცხადა სენატორმა. მან 6 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები იგულისხმა, რომელზეც გაირკვევა, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს ამერიკის სენატს და კონგრესს, დემოკრატიული თუ რესპუბლიკური.