ტრამპი კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების პირობას დებს

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს, 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მაღალ ტარიფებს დაუწესებს შტატების სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს.

ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის ფიცს 20 იანვრს დადებს თქვა, რომ 25%-იან ტარიფს დააწესებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე იქამდე, ვიდრე ისინი არ შეზღუდავენ ნარკოტიკების გადატანას, კონკრეტულად კი ფენტანილისას. ტრამპმა ასევე მოითხოვა, რომ ამ ქვეყნებმა დაარეგულირონ მიგრანტების მიერ საზღვრის კვეთა.

ტრამპმა ცალკე გასუვა ხაზი, რომ ჩინეთიდან იმპორტზე დააწესებს „დამატებით 10%-იან ტარიფს, ყოველ დამატებით ტარიფზე“. ამ დროისთვის, ბოლომდე გაურკვეველია, რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის. ტრამპმა აქამდე პირობა დადო, რომ ჩინეთის, როგორც ყველაზე ხელსაყრელი სახელმწიფოს სავაჭრო სტატუსს დაასრულებდა. მისივე დაპირებებში იყო ჩინურ იმპორტზე 60%-ზე მაღალი ტარიფების დაწესება, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებლია, ვიდრე ეს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო.

ასევე ნახეთ: როგორ ხედავენ ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ჩინეთის სამომავლო ურთიერთობებს?

თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, ტრამპმა დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებს ის თავის ეკონომიკურ დღის წესრიგს იმისთვის, რომ „ამერიკა პირველ ადგილზე დააყენოს“.

"20 იანვარს, ჩემი ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება იქნება ის, რომ ხელს მოვაწერ საჭირო დოკუმენტებს, რათა მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფები დაუწესდეთ ყველა პროდუქტზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოდის", - დაწერა ტრამპმა.

ახალმა ტარიფებმა, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ისეთ უცხოურ კომპანიებს, როგორიცაა მანქანებისა და ელექტრონიკის მრავალი აზიური მწარმოებელი. ეს კომპანიები მექსიკაში აწარმოებენ გარკვეულ პროდუქტებს, ვინადან იქ წარმოება იაფი ჯდება და ამერიკის ბაზარზეც წვდომა იქიდან გაცილებით იოლია.