პრეზიდენტი ტრამპი, არჩევნებში გაყალბების ფაქტების „სერიოზული“ გამოძიებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩადენილი გაყალბებების გამოძიებას ითხოვს და მიაჩნია, რომ მილიონობით უსაბუთო იმიგრანტის მიერ მიცემულმა ხმებმა მას ეროვნული პოპულარული გამარჯვება დააკარგინა.

სამშაბათს, თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა კონგრესის ლიდერებთან კვლავ ახსენა. პრეზიდენტმა თქვა, რომ სამიდან ხუთ მილიონამდე იმიგრანტმა მის მეტოქე, დემოკრატ ჰილარი კლინტონს ხმა უკანონოდ მისცა.

სპაისერს გაყალბების დამამტკიცებელი საბუთები არ წარმოუდგენია. ჟურნალისტების კითხვაზე, იმის შესახებ თუ ტრამპს რა მტკიცებულებები გააჩნია, სპაისერმა თქვა, რომ ტრამპის მოსაზრება, მისივე განკარგულებაში არსებულ კვლევებს და ინფორმაციას ეყრდნობა.

არჩევნებზე პასუხისმგებელმა პირებმა, რომლებმაც 8 ნოემბრის ხმის მიცემის პროცესი გააანალიზეს, განაცხადეს, რომ გაყალბების ნიშნები თითქმის არ არსებობდა, განსაკუთრებით ისეთი მასშტაბის, როგორზეც ტრამპი მიანიშნებდა.