ტრამპმა კანადასთან და მექსიკასთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერა

ამერიკის პრეზიდენტმა მექსიკასთან და კანადასთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შედეგად შეთანხმებას ახლა უკვე კანონის ძალა აქვს.

შეთანხმება, ამ დრომდე არსებულ „ჩრდილო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (NAFTA) ანაცვლებს. შეთანხმების განახლება პრეზიდენტის ერთ-ერთი წინა საარჩევნო დაპირება იყო. შეთანხმება ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ადმინისტრაციის ინიციატივამ კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, საკუთარ გამოსვლაში შეთანხმებას „კოლოსალური გამარჯვება“ უწოდა. „თეთრი სახლის“ მიერ გამართულ ცერემონიაზე, წარმომადგენელთა პალატიდან დემოკრატები არ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღებაში კონგრესში მათი ხმები კრიტიკული იყო.

ხელშეკრულების იმპელემენტაცია მას შემდეგ მოხდება, რაც მის რატიფიკაციას კანადა მოახდენს. მექსიკამ რატიფიკაცია გასულ წელს დაასრულა.

შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ავტო-ინდუსტრიას და დაარეგულიროს ონლაინ ვაჭრობის და მუშახელის საკითხები. შეთანხმება 1.3 ტრილიონის ოდენობის სავაჭრო ბრუნვის საკითხებს შეეხება.