ტრამპი: ამერიკის ატომური არსენალი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკის „ატომური არსენალი“ გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დილით ადრე „ტვიტერზე“ ტრამპმა დაწერა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე სწორედ ატომური არსენალის განახლებასა და მოდერნიზაციას შეეხებოდა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ არასდროს დასჭირდება ამ ძალის გამოყენება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ამერიკა ყოველთვის ყველაზე ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში.“

პრეზიდენტმა ტრამპმა პოსტის დაკავებიდან მალევე ქვეყნის თავდაცვითი ხარჯების გაზრდა მოისურვა, არსებული გეგმით, უნდა გაზრდილიყო დაფინანსება კვლევისა და ახალი იარაღების შექმნის მიმართულებითაც, თუმცა კონგრესს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია 2018 წლის ბიუჯეტი.

პრეზიდენტმა ჩრდილო კორეის მიმართ გუშინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის ფხენიანს აფრთხილებს, რომ მათი მხრიდან ამერიკისკენ მიმართულ მოქარასა და საფრთხეს შტატები „ისეთი ცეცხლითა და მძვინვარებით უპასუხებს, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს“.

გასული კვირის ბოლოს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ასევე მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას სანქციებს უწესებს. ამ სანქციების ამოქმედების შედეგად, ქვეყანას ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარით უნდა შეუმცირდეს.