ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატობაზე ოფიციალურ თანხმობას ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიისგან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წარდგენის საზეიმო სიტყვას ჯექსონვილში, ფლორიდაში წარმოთქვამს. პრეზიდენტის მიმართვა აგვისტოშია დაგეგმილი. რესპუბლიკური პარტიის ყრილობის, ე.წ. კონვენციის ადგილის ცვლილების შესახებ კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინაში, შარლოტში უნდა გამართულიყო. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპს შტატის გუბერნატორთან მოთხოვნა ჰქონდა, რომ ყრილობაზე სრული დასწრება უნდა ყოფილიყო, რისი გარანტიაც გუბერნატორმა მას კორონავირუსის გამო ვერ მისცა. ტრამპის მოთხოვნა იყო ისიც, რომ არენაზე, სადაც ის სიტყვით გამოვიდოდა, სრულად უნდა შევსებულიყო ადგილები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხი სოციალურ დისტანციას ვერ დაიცავდა. მათ ასევე, არ უნდა ეტარებინათ ნიღბები.

სავარაუდოდ, ტრამპსა და გუბერნატროს შორის ამ ღონისძიების ჩატარებაზე სხვადასხვა ხედვის გამო, ყრილობის ღონისძიებების ნაწილი, მათ შორის ტრამპის სიტყვით გამოსვლაც, ფლორიდაში გადაიტანეს. რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდანიელმა თქვა, რომ რესპუბლიკელები "მოხარულები არიან აღნიშნონ ეს მნიშვნელოვანი მომენტი არაჩვეულებრივ ქალაქ ჯექსონვილში". მან დაამატა, რომ ფლორიდა "არის გადამწყვეტი 2020 წელს, გამარჯვების გზაზე".